ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ძალიან პოზიტიურ სიგნალებს ვიღებთ ყარაბაღელი სომხებისგან” – ალიევი მშვიდობაზე საუბრობს

29 აპრილი, 2022 • 3163
“ძალიან პოზიტიურ სიგნალებს ვიღებთ ყარაბაღელი სომხებისგან” – ალიევი მშვიდობაზე საუბრობს

“ჩვენ უკვე ვიღებთ ძალიან პოზიტიურ სიგნალებს ყარაბაღელი სომხებისგან”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით “სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა”, რომელიც დღეს, 29 აპრილს, ქალაქ შუშაში ჩატარდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, 2020 წელს ყარაბაღში ომის შედეგად დაკავებული ქალაქი შუშა/შუში კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. აქამდე ქალაქი შუშა სტეპანაკერტის კონტროლქვეშ იყო.

თუმცა, რა პოზიტიურ სიგნალებზე სუბრობს ალიევი, მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“ჩვენ მშვიდობიან გარემოში გვსურს ცხოვრება. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა. ასეთ ღონისძიებებზე შესაძლებელია მოვიწვიოთ ექსპერტები სომხეთიდანაც კი. ისეთი ექსპერტები, რომლებიც მშვიდობის პროპაგანდას ეწევიან და არა სიძულვილის. ეს კარგი საფუძველი გახდებოდა [მშვიდობისთვის]”, – განაცხადა ალიევმა.

მისივე განცხადებით, ის პრინციპები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთს შესთავაზა, საფუძვლად უნდა დაედოს სამშვიდობო შეთანხმებას.

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, 7 აპრილს, ბრიუსელში ოთხსაათიანი შეხვედრის პროცესში “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ოფიციალური ცნობით, ფაშინიანმა და ალიევმა ვალდებულება აიღეს, სწრაფად დაიწყონ ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭირო ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ სვლა, თუმცა, რა საკითხები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მანამდე ბაქო ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი.

აზერბაიჯანული მხარე ისწრაფვის იმისკენ, რომ პოტენციური მშვიდობა მისთვის მაქსიმალურად სარგებლიანი პირობებით გაფორმდეს. კერძოდ, ის ითხოვს სომხეთის გავლით სატრანსპორტო კორიდორების გახსნას და სომხეთს სთავაზობს ერთმანეთის ტერიტორიების აღიარებას, რაც ფაქტიურად გულისხმობს იმას, რომ სომხეთი უარს იტყვის ყარაბაღზე. სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში ბაქოს წინადადებები აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად, რაც ფაშინიანის ხელისუფლების მიმართ სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ წრეებში კრიტიკას ზრდის.

სამშვიდობო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რეალურია?| ხედვა აზერბაიჯანიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი