ახალი ამბები

IRI: ოცნებას 31% მისცემდა ხმას, ენმ-ს — 16%, უმრავლესობას კი ახალი პარტიების ხილვა სურს

27 აპრილი, 2022 • 930
IRI: ოცნებას 31% მისცემდა ხმას, ენმ-ს — 16%, უმრავლესობას კი ახალი პარტიების ხილვა სურს

IRI-ს კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% — „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% — გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

2%-იანი მხარდაჭერა აქვთ, ელენე ხოშტარიას „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და „ლელოს“.

ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს — გამოკითხულთა 35$ აცხადებს, რომ ამ პარტიას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას. 27%-ს აქვს იგივე დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ, ხოლო 19%-ს — „პატრიოტთა ალიანსისადმი“.

კვლევის თანახმად, ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

ამასთან, გამოკითხულთა 49% მტკიცედ ან ნაწილობრივ მხარს უჭერს ვადამდელ არჩევნებს, 36% წინააღმდეგია, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს და არაფერს შეცვლის.


კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი 64%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.