ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, ყველა 50 მოქალაქისთვის უბნის გახსნა „ფიზიკურად შეუძლებელია“

26 მარტი, 2024 • 824
მდინარაძის თქმით, ყველა 50 მოქალაქისთვის უბნის გახსნა „ფიზიკურად შეუძლებელია“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ფიზიკურად შეუძლებელია“ საარჩევნო უბნის გახსნა „მსოფლიოს ყველა ადგილზე, სადაც საქართველოს 50 მოქალაქეა“.

მდინარაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გახსნას კანონის შესაბამისად. მისი თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, საკონსულოების რაოდენობა შეესატყვისება ამომრჩევლად დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.

„50 მოქალაქის გამო ცალკე ვერ იქმნება ხოლმე [საარჩევნო უბანი], სამწუხაროდ. 50 მოქალაქეზე ნაკლებზე ვერ იქმნება“ ,— განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, ცალკე საარჩევნო უბანი გახსნას მსოფლიოს ყველა კუთხეში, ნებისმიერს ქალაქში, დაბასა თუ სოფელში, სადაც 50 მოქალაქეა.

„გარანტირებულად გეუბნებით, მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა 30, 40, 50 მოქალაქისთვის, — რაც არ უნდა მსგავსი კანონმდებლობა ჰქონდეს, — ვერ ახერხებს ყველა იმ ადგილზე საარჩევნო უბნის გახსნას, სადაც ეს რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს. კანონის ამგვარი აღსრულების პრეცედენტები მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უფიქსირდება. ასეთი ინტერპრეტაცია [კანონის] ვერ ხერხდება მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყნის მიერ“, — განაცხადა მდინარაძემ.

რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი პრაქტიკით სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება, ემიგრანტებს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

ამ თემაზე:

როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე

როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი