ახალი ამბები

“სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია” – პენიტენციური გვარამიას პასუხობს

27 აპრილი, 2022 • 631
“სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია” – პენიტენციური გვარამიას პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია.

„ბოლო პერიოდში გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.

მიხეილ სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით. ასევე, მისთვის ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება“, – წერია სამსახურის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ამანათის სახით საკვების შეტანა აკრძალა.

გვარამიას განცხადებით, შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი უცხიმო სულგუნით და კიტრით იკვებებოდა, რომელიც ამანათის სახით მასთან ციხეში შეჰქონდათ, 26 აპრილს კი პროდუქტების ციხეში შეტანა ვერ შეძლეს. გვარამია წერდა, რომ ამანათების შეტანა სააკაშვილთან პენიტენციურმა სამსახურმა აკრძალა:

„მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ის ვერ ჭამს. მიშა აქამდე მარტო უცხიმო სულგუნს და კიტრს ჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას. ეს ამანათებით შეგვქონდა მასთან. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა. მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად“, – ამბობდა ნიკა გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი