ახალი ამბები

ახლა პუტინი-ზელენსკის შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნება — ლავროვი

28 მარტი, 2022 • 1595
ახლა პუტინი-ზელენსკის შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნება — ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ახლა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა „კონტრპროდუქტიული“ იქნება. ამის შესახებ მან სერბულ მედიას განუცხადა.

ლავროვის თქმით, პუტინს არასოდეს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა კარგად იყოს მომზადებული.

მისი თქმით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა საჭიროა, როგორც კი იქნება სიცხადე დონბასის, დემილიტარიზაციისა და უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ საკვანძო საკითხების გადაწყვეტის კუთხით.

„უკრაინის გარშემო კრიზისული ვითარებაა, შიდა კონფლიქტები დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, მთელი ეს წლები, და დაგროვდა უდიდესი რაოდენობის პრობლემები. ამიტომ ახლა, უბრალოდ, შეხვედრა და ჩახუტება – „აი, შენ რას ფიქრობ, მე რას ვფიქრობ?“ – ახლა, უბრალოდ, კონტრპროდუქტიული იქნება“,- განაცხადა ლავროვმა.

რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება.


რუსეთის რა მოთხოვნებზე შეიძლება შეთანხმება და რაზე — არა

გუშინ, 27 მარტს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში „დენაციფიკაციას და განიარაღებას“ არც კი განიხილავს. მისი თქმით, ასეთი ულტიმატუმი რუსულმა მხარემ ბელარუსში პირველ შეხვედრაზე წარადგინა.

„რაც შეეხება რუსული ენის დაცვის საკითხს, მე დელეგაციას დავაბარე, რომ ომის ყოველი შემდეგი დღე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმის გაგებას, საერთოდ რა არის რუსული ენა. ადამიანები თავად არ მოინდომებენ რუსულად საუბარს. ჩვენთან ყველა საუბრობს, რა ენაზეც სურს. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ სარკისებრი პატივისცემა შეიძლება იყოს კულტურის, ენისა და საერთო ფასეულობების შესახებ ყველა მეზობელთან. მე ამას ვიღებ. ეს ყველაფერი მაინც სახალხო გამოკითხვით გადაწყდება“, — თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს სპეკულაციების დასრულებას რუსულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით და თუ ვინმეს სურს რუსული კერძო სკოლის გახსნა, გარკვეული პირობებით.

„თქვენ ხსნით [სკოლას] ჩვენთან, ჩვენ ვხსნით თქვენთან. თუ რამეს გამოსცემთ აქ, გამოვცემთ თქვენთანაც. რუსეთის სახელმწიფო ენის პატივისცემა გსურთ? პატივი ეცით უკრაინის სახელმწიფო ენასაც და მორჩა“, — თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველა მეზობელთან სურს შეთანხმების ხელმოწერა ენების ორმხრივ პატივისცემაზე.

„უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს ბირთვული სტატუსის გარეშე — ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მთავარი პუნქტი. ეს იყო პირველი პრინციპული საკითხი რუსეთის ფედერაციისთვის და, რამდენადაც მახსოვს, ამისთვის დაიწყეს ომი. მერე დაიწყეს ულტიმატუმის პუნქტების დამატება“, — განაცხადა ზელენსკიმ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.

„უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და მათთვის [რუსეთისთვის] განვიხილავ. ეს ღრმად დამუშავებულია. მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ეს არ იყოს კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმის ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ფურცელი იქცეს სერიოზულ შეთანხმებად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ყველა გარანტორის მიერ. აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტორი სახელმწიფოების პარლამენტებში და აუცილებლად უნდა იყოს რეფერენდუმი უკრაინაში“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, რასაც პარლამენტის ორი სესია და ერთწლიანი განხილვა სჭირდება, რეფერენდუმი კი უფრო სწრაფი გზაა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს პრეზიდენტ პუტინთან, ხოლო გარანტორები არაფერს მოაწერენ ხელს, თუ უკრაინაში რუსეთის ჯარი იდგება. ზელენსკის თქმით, უკრაინის მიზანი ახლა არის რუსეთის ჯარის გაყვანა კომპრომისულ ტერიტორიებზე, სადაც ისინი 24 თებერვლამდე იდგნენ.

„მე მესმის, რომ ვერ ვაიძულებთ რუსეთს, სრულად გაათავისუფლოს ტერიტორიები. ეს მესამე მსოფლიო ომთან მიგვიყვანს. ამიტომ ვამბობ, ეს კომპრომისია — დაბრუნდით იქ, სადანაც ყველაფერი დაიწყო და იქ შევეცდებით, დონბასის რთული საკითხი გადავწყვიტოთ“, — დასძინა ზელენსკიმ.

ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დონბასის და ყირიმის საკითხი აუცილებლად განსახილველი და გადასაწყვეტია და ის არასდროს გეგმავდა დონბასზე და ყირიმზე თავდასხმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი