ახალი ამბები

29 დღეა მამაცურად უწევთ წინააღმდეგობას, ეს 29 გამარჯვებაა რუსეთთან – ზურაბიშვილი უკრაინას

25 მარტი, 2022 • 2011
29 დღეა მამაცურად უწევთ წინააღმდეგობას, ეს 29 გამარჯვებაა რუსეთთან – ზურაბიშვილი უკრაინას

“თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის”, — ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს.

24 მარტს გავრცელებული ვიდეომიმართვით ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინისადმი და დასძინა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო კიევის გვერდითაა.

“მსურს, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით მივმართო ჩვენს მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქალაქებს და წინააღმდეგობას უწევენ  მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში.

მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებმაც ამ ბრძოლაში უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს. მინდა მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, ზოგიერთი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ.

ჩვენ ვიცით, ეს რას ნიშნავს და ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად უწევთ წინააღმდეგობას ამ ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც რუსეთთან უკვე მოიპოვეთ, იმის ჩვენებით, რომ როგორც ყველას ეგონა, სუპერძალა არაა საკმარისი უკრაინის დასამარცხებლად, მით უფრო უმოკლეს დროში, როგორც ეს (რუსეთს) ეგონა”, — აღნიშნა მან.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ის განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი