ახალი ამბები

ვიტალი საფაროვის ოჯახის მიმართ სოცქსელებში მუქარის შემცველი ტექსტები ვრცელდება – HRC

17 მარტი, 2022 • 1247
ვიტალი საფაროვის ოჯახის მიმართ სოცქსელებში მუქარის შემცველი ტექსტები ვრცელდება – HRC

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” [HRC] აცხადებს, რომ 2018 წელს მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებები ვრცელდება. კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, ფეისბუკში შექმნილია სხვადასხვა ყალბი ჯგუფი ვიტალი საფაროვის ფოტოებით, სადაც მოკლულის სახელსა და დედამისს შეურაცხყოფენ.

ამის შესახებ განცხადება “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” დღეს, 17 მარტს გაავრცელა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს სასამართლოზე საფაროვის ოჯახის წევრების ინტერესებს.

“ბოლო პერიოდში ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მისამართით სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა ყალბი ან რეალური პროფილის მფლობელი პირები ინტენსიურად პოსტავენ ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის, მუქარის შემცველ ტექსტებს, მათ შორის – ებრაელების მიმართ, მათი განადგურების მოწოდებებით, ჰიტლერის მოხსენიებით და ა.შ.

გარდა ამისა, ფეისბუკში უკვე არაერთი ყალბი ჯგუფი შეიქმნა ვიტალი საფაროვის ფოტოებით და შემზარავი დასახელებებით, სადაც მოკლული უფლებადამცველის სახელსა და დედამისს შემაძრწუნებელი სიტყვებით შეურაცხყოფენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ვიტალი საფაროვის დედამ, მარინა ალანაკიანმა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით 6 მარტს პოლიციასაც მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა მათთვის დღემდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ფაქტებზე.

“შემაშფოთებელია პოლიციის მიერ მსგავს ფაქტებსა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე რეაგირების არქონა, რამდენადაც სწორედ სისხლის სამართლის პოლიტიკის სისუსტემ და არაკატეგორიულმა მიდგომამ ამ ფაქტებისა და დანაშაულებისადმი თავისი წვლილი შეიტანა ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების გააქტიურებაში და სიძულვილის გაღვივებაში, რაც ამ და მსგავსი დანაშაულების პრევენციული აღკვეთის ნაწილში, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს სახელმწიფოს და შესაბამისი თანამდებობის პირებს.

სახელმწიფო თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და არ ახდენს სათანადო რეაგირებას მსგავს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებზე. ამ ჯგუფების აგრესია და შეუწყნარებლობა დიდწილად მიმართულია კულტურულად არადომინანტი სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებისა და ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ახალისებს მსგავს ჯგუფებს და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას, ასევე – ქსენოფობიური, რასობრივი, ჰომოფობიური და სხვა ნიშნით სიძულვილის დანერგვას”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები – ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე – დამნაშავედ ცნო მხოლოდ განზრახ მკვლელობაში. დამამძიმებელი გარემოებებიდან კი შეუწყნარებლობის მოტივი გამორიცხა. მათ 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ. პატიმრობის ვადა 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

საფაროვის ოჯახი და ახლობლები არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვიტალი საფაროვის მკვლელობის მოტივი არ ყოფილა ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ვიტალი საფაროვის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაგრძობს და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტის დადგენას ითხოვს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს:

საგამოძიებო ორგანოებს:

  • დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელონ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოავლინონ ამ დანაშაულების ჩამდენი პირები და უზრუნველყონ მათი პასუხისგებაში მიცემა;
  • სწორად დააკვალიფიცირონ ასეთი ტიპის დანაშაულები და თვალსაჩინო მტკიცებულებების შესაბამისად, გამოკვეთონ შეუწყნარებლობის მოტივი.

საერთო სასამართლოებს:

  • რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქმისთვის რელევანტურ ფაქტებს – ბრალდებულთა რწმენა-წარმოდგენებსა და შეხედულებებს, რის გამოც პირი/პირთა წრე შემდგომში შეუწყნარებლობის გამო ჩადის დანაშაულს;
  • ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ სიღრმისეულად შეისწავლოს ვიტალი საფაროვის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოავლინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული უხეში შეცდომები, განსაკუთრებით – დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, და დაადგინოს ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რომლის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი