ახალი ამბები

ოჯახი არ ეთანხმება საფაროვის მკვლელობიდან შეუწყნარებლობის მოტივის გამორიცხვას

27 ივნისი, 2019 • 1745
ოჯახი არ ეთანხმება საფაროვის მკვლელობიდან შეუწყნარებლობის მოტივის გამორიცხვას

2018 წელს მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახი და ახლობლები არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვიტალი საფაროვის მკვლელობის მოტივი არ ყოფილა ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები – ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე – დამნაშავედ ცნო მხოლოდ განზრახ მკვლელობაში. დამამძიმებელი გარემოებებიდან კი შეუწყნარებლობის მოტივი გამორიცხა. მათ 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ. პატიმრობის ვადა 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან არც პროკურატურა და არც მსჯავრდებულები. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებენ. გიორგი სოხაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ავთანდილ კანდელაკიშვილის თქმით კი, ეს არ იყო ჯგუფური განზრახ მკვლელობა.

საფაროვის მკვლელობის მოტივიდან შეუწყნარებლობის მოტივის ამოღებას არ ეთანხმება მოკლულის დედა.

“მაშინ ხომ უნდა მითხრან, რისთვის? მკვლელობის საფუძველი ხომ უნდა იყოს? ჩემთვის გაუგებარია”, – უთხრა მან ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

“დღეს მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეწესებინა ახალი სტანდარტი და პრეცედენტი შეექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოიყენა”, – უთხრა ნეტგაზეთს საფაროვის ახლობელმა აგიტ მირზოევმა. მისი თქმით, მკვლელობის მომენტში ბრალდებულებმა უკვე იცოდნენ საფაროვის ეროვნული წარმომავლობა და სწორედ ამის გამო მოკლეს ის და არა ჩხუბის დროს. მირზოევის განმარტებით, მათ ეს გაიგეს მკვლელობამდე ვიტალი საფაროვთან დიალოგისას, როდესაც იგი თავის წარმომავლობაზე ლაპარაკობდა.

რა მოხდა

2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის ცნობით,  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი – ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე – ე.წ. ნეონაცისტია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობდნენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი “სამშობლოსა და ქართველობას” ეხებოდა.

მკვლელობიდან 1 თვის შემდეგ, 31 ოქტომბერს, საფაროვის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდთ: საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გარდა, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატებიც განმარტავდნენ, რომ ბრალდებულები ნეონაცისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ და ორივე მათგანს სხეულზე სხვადასხვა თემატური ტატუები, მათ შორის, სვასტიკები ახატიათ. შესაბამისად, ისინი თავიდანვე მიიჩნევდნენ, რომ მკვლელობა შეუწყნარებლობის მოტივით მოხდა.

პროკურატურის განმარტებით, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ საფაროვი ჯგუფურად მოკლეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს უკანასკნელი ებრაელი იყო და ეთნიკურ უმცირესობებს იცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი