ახალი ამბები

საფაროვი, ტუნბერგი და კასერესი ჰააგის უნივერსიტეტის კედელზე დახატეს

15 მაისი, 2020 • 3057
საფაროვი, ტუნბერგი და კასერესი ჰააგის უნივერსიტეტის კედელზე დახატეს

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაზე შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგთან და 2016 წელს მოკლულ ჰონდურასელ გარემოსდამცველ ბერტა კასერესთან ერთად, ვიტალი საფაროვი დახატეს.

8 მეტრის სიგანისა და 15 მეტრის სიგრძის კედლის მხატვრობის ავტორია Karski & Beyond. როგორც ჰააგის უნივერსიტეტი წერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 70 წლისთავთან დაკავშირებით მიურალის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის უფლებადამცველ ორგანიზაციას “სამართალი და მშვიდობა”, თემა კი სტუდენტებთან განხილვის შედეგად შეირჩა.

“გრეტა ტუნბერგი, ბერტა კასერესი და ვიტალი საფაროვი კლიმატის, თავისუფლებისა და თანასწორობისადმი თავდადებულები არიან. ეს არის პატივისცემა სამი ადამიანისადმი, ვინც დაამტკიცა, რომ ცვლილების მიღწევა შესაძლებელია”, – წერს ჰააგის უნივერსიტეტი.

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის ცნობით,  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი – ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე – ე.წ. ნეონაცისტია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობდნენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი “სამშობლოსა და ქართველობას” ეხებოდა. პროკურატურის განმარტებით, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ კანდელაკიშვილმა და  სოხაძემ საფაროვი ჯგუფურად მოკლეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს უკანასკნელი ებრაელი იყო და ეთნიკურ უმცირესობებს იცავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი