ახალი ამბები

საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

27 ივნისი, 2019 • 2289
საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.

სასამართლომ ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობა მკვლელობის მოტივიდან გამორიცხა და ბრალდებულები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ 27 ივნისის დილას გამოაცხადა.

სასამართლოში თეთრი ვარდებით იყვნენ მისულები საფაროვის ოჯახის წევრები და ახლობლები.

2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის ცნობით,  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი – ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე – ე.წ. ნეონაცისტები არიან, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობდნენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი “სამშობლოსა და ქართველობას” ეხებოდა.

მკვლელობიდან 1 თვის შემდეგ, 31 ოქტომბერს, საფაროვის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ: საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გარდა, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატებიც განმარტავდნენ, რომ ბრალდებულები ნეონაცისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ და ორივე მათგანს სხეულზე სხვადასხვა თემატური ტატუები, მათ შორის, სვასტიკები ახატიათ. შესაბამისად, ისინი თავიდანვე მიიჩნევდნენ, რომ მკვლელობა შეუწყნარებლობის მოტივით მოხდა.

პროკურატურის განმარტებით, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ საფაროვი ჯგუფურად მოკლეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს უკანასკნელი ებრაელი იყო და ეთნიკურ უმცირესობებს იცავდა.

აღნიშნულის გამორიცხავდნენ ბრალდებულების ადვოკატები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არცერთი ბრალდებული მსგავს იდეოლოგიას არ იზიარებს. მათი თქმით, შეუწყნარებლობის ნიადაგზე არავითარი კონფლიქტი არ მომხდარა, ხოლო ის, რომ ვიღაცას სვასტიკა ან სხვა რაიმე სიმბოლიკა სხეულზე ახატია – ეს არაფერს ადასტურებს.

ბრალდებული გიორგი სოხაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ბრალდების ყველა ეპიზოდში, ხოლო ავთანდილ კანდელაკიშვილი არ ეთანხმება, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი