ახალი ამბები

“რუსეთთან დამატებითი მოთხოვნები წამოვაყენეთ” | არესტოვიჩი

15 მარტი, 2022 • 7194
“რუსეთთან დამატებითი მოთხოვნები წამოვაყენეთ” | არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და შესაძლო სცენარების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ არ ვაპირებთ რამის დათმობას. პირიქით – საკმაოდ ხისტ მოთხოვნებს ვაყენებთ. ჩვენ კარგად გვესმის ის, რომ თუკი მივიღებთ იმაზე ნაკლებს, რაც ომის დაწყებამდე გვქონდა, ეს დამარცხება იქნება და ამაზე არავინაა თანახმა. რიგი მოთხოვნები წამოვაყენეთ, რომელსაც ჯერ ვერ ვახმიანებთ. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები უკრაინელ ხალხს მოეწონება, ხალხს, რომელიც ახლა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის”,- ამბობს არესტოვიჩი პასუხად კითხვაზე, რისი დათმობა შეუძლია უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დროს.

რაც შეეხება უკრაინის მხრიდან ყირიმის აღიარებას და დონბასზე უარის თქმას, არესტოვიჩი ამბობს, რომ ამას უკრაინა არ დათანხმდება.

“ამ შემთხვევებში მრავალი მექანიზმი და ვერსია შეიძლება იყოს განხილული – ერთობლივი მმართველობა საერთაშორისო პროტექტორატით ან თუნდაც მმართველობა საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ”.

მისივე განმარტებით, კიევსა და მოსკოვს შორის “მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ახლა, სადაც არა მხოლოდ ორი მხარე, არამედ მსოფლიო ძალები არიან ჩართული ჩარჩო-ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად”.

რაც შეეხება საომარი მოქმედებების დასრულების ვადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ორი სცენარის შესახებ საუბრობს.

“აქ ორი ვარიანტია. პირველი –  ყველაფერი უმოკლეს ვადებში, 1-2 კვირაში გადაწყდება, მინიმუმ, რუსული ჯარების გაყვანითა და მათი იმ პოზიციებზე დაბრუნებით, სადაც იყვნენ 23 თებერვლამდე. ან მეორე ვარიანტი – რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა იქნება შეტევების, სადაც ყველა მორჩენილ რესურსს დახარჯავენ და ამ შემთხვევაში, უკვე საერთოდ აღარ რჩებათ რამე რესურსი. ამ ფაზამ შეიძლება აპრილის ბოლომდე გასტანოს”.

კითხვაზე, თუკი უკრაინა არ აპირებს რაიმეს დათმობას, რა შედეგის ჩვენება შეუძლია პუტინს საკუთარი საზოგადოებისთვის, არესტოვიჩი აცხადებს:

“მათ შეუძლიათ ხალხს უთხრან, რომ უკრაინის დემილიტარიზაციას მიაღწიეს და სერიოზული ზარალი მოგვაყენეს, რაც ნამდვილად სიმართლეა. შეუძლია თქვას, რომ უკრაინის NATO-ში შესვლაზე საუბარი აღარაა. აქ ყველაფერი მარტივადაა. და ეს NATO-ს პოზიციაა, NATO-ს არ უნდა ჩვენი მიღება. ჩვენ არ გვითქვამს NATO-ზე უარი, NATO-მ გვითხრა უარი. თუმცა აქაც ჩვენ გვაქვს სერიოზული საკომპენსაციო მექანიზმები, რომელიც მოეწონება უკრაინელ ხალხს, თუმცა ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია”.


უკვე 20 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სულ მცირე 90 ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი