საზოგადოება

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, სულ მცირე, 90 ბავშვი დაიღუპა ომში

14 მარტი, 2022 • 1545
უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, სულ მცირე, 90 ბავშვი დაიღუპა ომში

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სულ მცირე, 90 ბავშვი დაუღუპა.

ოფიციალურ განცხადებაში დენისოვა ამბობს, რომ ინტენსიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ქვეყნის 9 ოლქსა და ქალაქ კიევში. ამასთანავე, რუსეთი სისტემატურად თავს ესხმის ისეთ დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო შენობებს – როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები.

„ყოველ საათში იზრდება მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. 14 თებერვლის მდგომარეობით, შემოჭრის შემდეგ, პროკურატურამ ბავშვთა დაღუპვის 90 ფაქტსა და ბავშვთა დაჭრის 100 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

ამასთანავე, დანგრეულია, სულ მცირე, 2500 საცხოვრებელი სახლი, 300 სასწავლებელი და 121 სამედიცინო დაწესებულება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება მარიუპოლს – ომის დროს ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაშავებულ ქალაქს, უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, აქ მოკლულია 2187 მშვიდობიანი მოქალაქე – „ქალაქს ბომბავენ განუწყვეტლივ“.

„ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რის გამოც საჭმლის, სასმელი წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა 400 ათასი ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 300 მოქალაქე და ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც ქალაქს ვერ ტოვებს. რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ კორიდორებს მუშაობა ძალის გამოყენებით შეუწყვიტა – მათ არ უშვებენ ქალაქში და აყაჩაღებენ“, – ამბობს დენისოვა და დასძენს, რომ მარიუპოლის მოქალაქეების „ასეთი წამება არის სხვა არაფერი, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი“.

დენისოვა ხაზს უსვამს, რომ მუდმივი თავდასხმის სამიზნეები არიან ასევე ხარკოვი, ახტირკა, იზუმი, ჩერნიჰოვი და სხვა ათობით ქალაქი.


უკვე მე-19 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი