ახალი ამბები

„უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ვხედავთ“ – IAEA ჩერნობილზე

9 მარტი, 2022 •
„უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ვხედავთ“ – IAEA ჩერნობილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ამარაგებს, დაზიანებულია, თუმცა მას რუსული ჯარი აკონტროლებს და უკრაინულ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, შესაკეთებლად ექსპერტები შეუშვას.

კულება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მოითხოვონ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა, რათა უკრაინულმა მხარემ შეძლოს სადგურზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. მისი თქმით, დიზელის გენერატორებს მუშაობა 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ. ამის შემდეგ კი გამაგრილებელი სისტემები გამოირთვება და რადიაციის გაჟონვა შეუქცევადი გახდება.

„პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხის ქვეშ აყენებს“, – ამბობს დმიტრო კულება.

ჩერნობილის ატომურ სადგურთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ. სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინულმა მხარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა სადგურისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული მოვლენები ეწინააღმდეგება უსაფრთხოების საფუძვლებს, რომელიც ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას შეეხება, თუმცა ამ შემთხვევაში, სააგენტო ვერ ხედავს კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი