ახალი ამბები

ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილს ამარაგებს, კვლავ დააზიანეს – უკრაინა

14 მარტი, 2022 • 851
ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილს ამარაგებს, კვლავ დააზიანეს – უკრაინა

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კვლავ დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ამარაგებდა.

ქსელის დაზიანების გამო სადგურს ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, უკრაინული მხარე რადიაციის შესაძლო გაჟონვაზე ღელავდა, თუმცა ქსელი გუშინ, 13 მარტს აღადგინეს. უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტრო ამბობდა, რომ გაგრილების სისტემები სადგურზე ნორმალურად ფუნქციონირებდა, თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსელი კვლავ დაზიანდა.

როგორც BBC წერს, ამ დროისთვის უცნობია, სადგურს ელექტროენერგია სრულად აქვს შეწყვეტილი თუ ნაწილობრივს. წინა გათიშვის დროს უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ სათადარიგო გენერატორები, რომელიც ჩერნობილშია განთავსებული, 48 საათის განმავლობაში სადგურის მომარაგებაზეა გათვლილი. უკრაინული მხარე შიშობდა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ სადგურის გამართულად ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნებოდა და რადიაციის გაჟონვის საფრთხე დადგებოდა.

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური სადგური უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ადგილზე ამ დრომდე რჩება პერსონალი, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია სადგურზევე რჩება და ვერ ხერხდება მათი სხვა ცვლით ჩანაცვლება.

როგორც BBC წერს, პერსონალი საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას მშვიდად ასრულებს, თუმცა მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ, რადგანაც საკვებისა და პრეპარატების ლიმიტი იწურება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის ატომური სადგური არ ფუნქციონირებს, სრულად არასდროს მიუტოვებიათ და გარკვეული სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი