ახალი ამბები

რადიაციის მაჩვენებელი ჩერნობილში ანომალიურია – საერთაშორისო ატომური სააგენტო

26 აპრილი, 2022 • 759
რადიაციის მაჩვენებელი ჩერნობილში ანომალიურია – საერთაშორისო ატომური სააგენტო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებელი ანომალიურია.

როგორც BBC წერს, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ რუსული ჯარების მიერ ტერიტორიის კვირაზე მეტი ხნით ოკუპაცია დიდი საფრთხის შემცველი იყო.

„იყო ეპიზოდები, როცა რადიაციის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე ავიდა მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო, რომელიც რუსულმა ჯარებმა ადგილზე განათავსეს. სიტუაციას ყოველდღიურად ვაკვირდებით“ ,- უთხრა ჟურნალისტებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რაფაელ გროსმა ეს განცხადება ჩერნობილში ვიზიტისას გააკეთა. საერთაშორისო ატომური სააგენტოს დირექტორმა მოინახულა ე.წ. სარკოფაგიც, რომელიც სადგურზე 1986 წლის ავარიის შემდეგ რადიაციის შესაკავებლად ააგეს.

სააგენტოს დირექტორმა გაუქმებულ ატომურ ელექტროსადგურში საჭირო აღჭურვილობა ჩაიტანა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ასევე შეამოწმა რადიაციის დონე და უსაფრთხოების სისტემების მუშაობა.

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური სადგური უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. რუსული ძალები ადგილზე მომუშავე პერსონალს სადგურის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მათი სხვა ცვლით ჩანაცვლება. როგორც BBC წერდა, პერსონალი საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას მშვიდად ასრულებდა, თუმცა მუშაობა მძიმე პირობებში უწევდათ, რადგანაც საკვებისა და პრეპარატების ლიმიტი იწურებოდა.

ორკვირიანი დროებითი ოკუპაციის შემდეგ, რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ტერიტორია დატოვეს და სადგურზე კონტროლი უკრაინულმა მხარემ აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის ატომური სადგური არ ფუნქციონირებს, სრულად არასდროს მიუტოვებიათ და გარკვეული სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი