ახალი ამბები

საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ ჩერნობილში მონიტორინგის სისტემასთან კავშირი დაკარგა – პოდოლიაკი

9 მარტი, 2022 • 1688
საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ ჩერნობილში მონიტორინგის სისტემასთან კავშირი დაკარგა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილიში მონიტორინგის სისტემასთან კავშირი დაკარგა. მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რა ხდება დაკონსერვებულ ატომურ სადგურზე და რა ემუქრება რეგიონს:

„ძალიან სახიფათო სიტუაციაა“, – ამბობს პოდოლიაკი.

განცხადება აღნიშნულის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გუშინ,8 მარტს გაავრცელა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ დაიკარგა დისტანციური მონიტორინგის სისტემასთან კავშირი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში იყო დამონტაჟებული.

France 24-ის თქმით, სააგენტო ზედამხედველობას უწევდა ტენიკურ ღონისძიებებს, რომელიც მიღებულია ბირთვული მასალებსა და მათ გამოყენებაზე, რათა ადრეულ სტადიაზე თავიდან იქნას აცილებული ამგვარი ნივთიერებების არამიზნობრივი გამოყენება, მათ შორის, იარაღის შესაქმნელად.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ 13 დღეა, ადგილზე რჩება სადგურის ტექნიკური პერსონალი. მათი თქმით, 200-მდე ადამიანი რუსეთის მიერ ტერიტორიის დაკავების შემდეგ მუშაობას აგრძელებს და მათი ჩანაცვლება სხვა ცვლით ვერ ხერხდება:

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული რთული და სტრესული სიტუაციით, რომლის წინაშეც დგას ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი. ასევე, რისკებით ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრიისთ“ ,- აცხადებს საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩერნობილის ტერიტორია რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი