ახალი ამბები

პარლამენტის მიერ დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციოს დაველოდებით – ჰარცელი ინსპექტორზე

16 თებერვალი, 2022 • 851
პარლამენტის მიერ დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციოს დაველოდებით – ჰარცელი ინსპექტორზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანიშვნას ითვალისწინებენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას და ომბუდსმენის აპარატის საჩივარზე. თუმცა პარლამენტი სასამართლოს არ დაელოდა და თოლორაიას შემცვლელები ისე დანიშნა.

„ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ ობიექტურ მიზეზებს გასული წლის დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლასა და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით . პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით.

უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში“, – განაცხადა ჰარცელმა.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. 15 თებერვალს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად აირჩიეს მოქმედი პროკურორი კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი- ლელა ჯანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი