ახალი ამბები

პრემიერის განცხადება არ შეესაბამება ქართველი ხალხის განწყობას – გახარია

25 თებერვალი, 2022 • 1246
პრემიერის განცხადება არ შეესაბამება ქართველი ხალხის განწყობას – გახარია

ექსპრემიერი გიორგი გახარია უკრაინელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ქართველი ხალხის განწყობას არ შეესაბამება.

„მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს“, – წერს გიორგი გახარია ფეისბუკზე.

იგი ასევე ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს და წერს, რომ „ოკუპაცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის და დღესაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“.

„საუკუნის შემდეგაც, დღეს არის რეალობა, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას“, – წერს იგი.

„საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ“, – აცხადებს გიორგი გახარია.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს.

პრემიერის თქმით, საქართველო არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

მან ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა „დღეს, ამ ვითარებაში, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“:

„უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმესა და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ ხოლმე“, – განაცხადა მან.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი