იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, ბავშვების ომიკრონით ინფიცირებისას, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, პირველ დღეებში ავადობა სახლში მართონ. ამის შესახებ ჩხაიძემ დღეს, 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, პირველი 2-3 დღის განმავლობაში ომიკრონს სწორედ მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, რაც სწორად მართვის დროს სიცოცხლისთვის საშიში არ არის:
“თუ მის შვილს აქვს მაღალი ტემპერატურა, ეს არ უნდა გახდეს მისთვის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წაყვანის მოტივაცია. მაღალი ტემპერატურით ავადობის დაწყება ომიკრონისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ამიტომ, ყველა მშობელმა, ვისაც ბავშვი ჰყავს სახლში, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38.5-ზე მეტი, უნდა გაითვალისწინოს, რომ უმჯობესია პირველი 2-3 დღის განმავლობაში მართვაში აქტიურად იყოს გამოყენებული ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი სიცხის დამწევი მედიკამენტები. სიროფის ან სანთლის სახით, გააჩნია ბავშვის ასაკს”, – განმარტა ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, თუ მედიკამენტების მიღების შემდეგ ბავშვის ტემპერატურა დაიკლებს, დამატებით მაინც უნდა მიიღოს სითხეები: ჩაი, წვენი, კომპოტი და სხვა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ბავშვებმა სიცხის დამწევები უნდა მიიღონ მინიმუმ 6-საათიანი, უკიდურეს შემთხვევაში კი 4- საათიანი ინტერვალით.
ჩხაიძის განმარტებით, ომიკრონის კლინიკური ნიშნები 3-4 დღე გრძელდება “ამიტომ, თუ სამი დღის განმავლობაში კარგად მოახერხებთ კონტროლს და ბინაზე მონიტორინგს, მეოთხე-მეხუთე დღეს დაავადების ნიშნები პრაქტიკულად აღარ იქნება”.