ახალი ამბები

რატომ უზღუდავს წულუკიანი მკვლევრებს მუზეუმებში დაშვებას — ახალი დადგენილება

4 თებერვალი, 2022 • 1114
რატომ უზღუდავს წულუკიანი მკვლევრებს მუზეუმებში დაშვებას — ახალი დადგენილება

საქართველოს კულტურის მინისტრის ახალი დადგენილებით, მუზეუმებში მკვლევრების დაშვება იზღუდება.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პირველი თებერვლით თარიღდება, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირი მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ კი სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.

ამასთან, კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც ამავე დადგენილებაშია ასახული, დირექტორატი ასევე იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.

იურისტი სულხან სალაძე, რომელიც „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად“ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრია, მინისტრის ამ გადაწყვეტილებას უწყებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. სალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება ეკა კიკნაძისა და იმ ადამიანების კვლევით პროექტს, რომლებიც წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის სისტემიდან გაათავისუფლა და ახლა არ სურს, მათ ჰქონდეთ შეხება სამუზეუმო სისტემასთან:

„ჩვენ ვიცით, რომ 28 იანვარს რუსთაველის ფონდმა გამოაქვეყნა გამარჯვებული პროექტების სია, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ. ამ სიაში ირიცხებოდა ერთ-ერთი პროექტი ეროვნული მუზეუმის წარდგენილი, რომელიც მომზადებულია ეკა კიკნაძის და იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პრაქტიკულად დღეს სრულად არიან გათავისუფლებული ეროვნული მუზეუმის სისტემიდან.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვინმე უკრძალავდა ამ პროექტის განხორციელებას, რადგანაც ფონდებთან დადგენილი წესით დაშვება შეიძლება ჰქონდეთ სხვა პირებსაც, რომლებიც არ არიან მუზეუმის თანამშრომლები, მაგრამ არიან მეცნიერები და გარკვეული კვლევითი საქმიანობისთვის ეს სჭირდებათ.

ვსაუბრობთ სახელმწიფოს საკუთრებაზე და არა ცალკე აღებული მუზეუმის ან, უფრო უხეშად თუ ვიტყვით, რომელიმე მინისტრის ან ჩინოვნიკის. მე როგორც ვიცი, ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი, სამი წელი გრძელდება, თანხის თვალსაზრისითაც მოცულობითა – დიდ კვლევას გულისხმობს თავის თავში და, ბუნებრივია, მინისტრისთვის იმ ადამიანების მუზეუმში მოხვედრა, ვინც განსხვავებული აზრისა და კრიტიკული კითხვების გამო გაათავისუფლა სამუზეუმო სისტემიდან მისი უშუალო გადაწყვეტილებით, ამ ადამიანების ისევ შებრუნება სისტემაში და გარკვეული ტიპის ურთიერთობა მუზეუმთან აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ მოიფიქრა ეს ცვლილება“ ,- ამბობს სულხან სალაძე.

მისი თქმით, ამავეს მოწმობს დადგენილებაში შესული მეორე ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, გრანტების მიღებასაც დირექტორატი განსაზღვრავს. კოლეგიალური ორგანოს უმრავლესობა კი, სალაძის თქმით, პირდაპირ მინისტრის მიერ არის დაკომპლექტებული და წულუკიანის თვალები და ყურები არიან:

„ისინი არიან მინისტრის თვალი და ყური. ოღონდ, მაინც არ ენდობა ბოლომდე ამ პროცესს მინისტრი და იქვე წერია ამ დებულებაში, რომ დირექტორატმა თუკი დაშვებაზე ლაპარაკი ფონდების მეცნიერების და მუზეუმის თანამშრომლებისაც კი უნდა აცნობოს სამინისტროს. ეს არის ტოტალური კონტროლი და მართვის მკვეთრი ცენტრალიზაცია“, – ამბობს სულხან სალაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

სალაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ცვლილებები ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს წარმოქმნის, რამდენადაც ამ საკითხების განსახილველად არც დირექტორატი შეიკრიბება ყოველდღიურად და არც მათი გადაწყვეტილებების რევიზია მოხდება დაუყოვნებლივ სამინისტროში, იურისტი აღნიშნავს, რომ სახეზეა ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის, დაჩეხის მცდელობა:

„შეუძლებელია, ამან პროცესს შეუწყოს ხელი. ბუნებრივია, დირექტორატი არ იკრიბება ყოველდღიურ რეჟიმში, სამინისტრო არ განიხილავს ამ ინფორმაციას, რაც დაშვებასთან დაკავშირებით გაეგზავნება ყოველდღიურ რეჟიმში, და ეს გამოიწვევს დიდ პრობლემას და ბიუროკრატიას. პირველი თებერვლის ცვლილებები არ არის ერთადერთი, რომელიც ეროვნული მუზეუმის დებულებაში შედის. გასული წლის 19 აპრილს დაიწყო ეს ცვლილებები და ეტაპობრივად ის ჩეხს ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის იდეას“, – ამბობს სულხან სალაძე.

ამასთან, მისი თქმით, დადგენილების კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც 45 დღეში ეროვნული მუზეუმის დირექტორებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და მათი შემცვლელების დანიშვნას ეხება, აქაც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ხდება დირექტორატი. აღნიშნულს სალაძე ეროვნული მუზეუმის სისტემიდან მენეჯმენტის გამოდევნის და სასურველი კანდიდატების დაკომპლექტების მცდელობად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი