ახალი ამბებიეკონომიკა

მარტიდან ქართული ბარათით უცხოურ აზარტულ საიტებზე გადახდა იკრძალება

31 იანვარი, 2022 •
მარტიდან ქართული ბარათით უცხოურ აზარტულ საიტებზე გადახდა იკრძალება

პირველი მარტიდან აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე ქართული ბარათით თანხის გადარიცხვა იკრძალება. აღნიშნულის შესახებ საუბარია აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მათ შორის კომერციული ბანკი, ვალდებულია არ დაუშვას თავის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

დოკუმენტის მიხედვით, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის, მათ შორის კომერციული ბანკისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდებისთვის, მან უნდა შეზღუდოს მომხმარებლის მიერ ასეთ კომპანიასთან ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ:

  • სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებულად განიხილა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი