ახალი ამბები

ვინ და როგორ დაისჯება აზარტული თამაშების რეგულაციების დარღვევისთვის – კანონპროექტი

14 დეკემბერი, 2021 • 5775
ვინ და როგორ დაისჯება აზარტული თამაშების რეგულაციების დარღვევისთვის – კანონპროექტი

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვისა და მოთამაშეთა მინიმალური ასაკის 25 წლამდე გაზრდასთან ერთად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის და ჯარიმები იზრდება.

13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტთა პაკეტები, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ, სრულად იკძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხელფასად მიმღებთათვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის კი იკრძალება თამაში.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

კერძოდ, ასკ-ს ემატება 1585 მუხლი და დგინდება, რომ:

„აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და ასეთი რეკლამის განთავსების დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით“.

ნორმის განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას და საწარმო დაჯარიმდება 20 000 ლარით.

„ადმინისტრაციულსახდელდადებული ვალდებული იქნება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 კვირის ვადაში თავისი ხარჯით უზრუნველყოს იმ წესის/იმ წესების დაცვა, რომლის/რომელთა დარღვევის გამო მას ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელი დაედო“, – წერია განმარტებით ბარათში.

ამასთან, კოდექსის 1761-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით იზრდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვების ასაკობრივი ზღვარი და იზრდება ჯარიმის ოდენობა და ნაცვლად 5000 ლარისა, დგინდება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

„პროექტის მიხედვით კანონს დაემატა 1765-ე მუხლი, რომლითაც დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა მონაცემთა ბაზაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) სათამაშოდ მონაწილეობისთვის დაშვების წესების დარღვევისთვის განისაზღვრა პასუხისმგებლობა და შესაბამისი ჯარიმა, რომლის ოდენობა შეადგენს 10000 ლარს, ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის- 20 000 ლარის ოდენობით“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე, განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა საქმეების განმხილველი და ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო. კერძოდ:

  • 1765-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ოქმის შემდგენ ორგანოდ განისაზღვრა შემოსავლების სამსახური;
  • 1585 მუხლით (რეკლამა) გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის კი მუნიციპალიტეტის ორგანო.

კანონი, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს, ამოქმედდება ეტაპობრივად. კერძოდ:

  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღების ვადებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს;
  • ხოლო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – 2022 წლის პირველი მარტიდან.

პარლამენტი ცვლილებების პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

სათამაშო ბიზნესი ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი