აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ 2022 წლიდან მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით გაიზარდა. იყო 48 და გახდა 89 მილიარდი.

ბრუნვა

აზარტული თამაშების ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება და სექტორებს შორის დიდი ხანია პირველ ადგილს იკავებს. 2012 წელს აზარტული თამაშების ბრუნვა მთლიანი ბრუნვის 2.6%-ს შეადგენდა, რაც თანხობრივად ₾1.1 მლრდ-ს უდრიდა, 2025 წელს ბრუნვამ თანხობრივად ₾89 მლრდ-ს, ხოლო წილობრივად 35%-ს მიაღწია. წილობრივი ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა და იანვარ-ივნისის მდგომარეობით 36.6% შეადგინა.

აზარტული თამაშების ბრუნვა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლიდან საქსტატმა მეთოდოლოგია შეცვალა და იმ წელს დაფიქსირებული გაორმაგება ამ ცვლილებით აიხსნება, თუმცა ზრდა 2019 წლიდანაც გაგრძელდა. რეგულაციების გამკაცრებისას 2022 წელს აზარტული თამაშების ბრუნვის წილი შემცირდა, ოღონდ ერთჯერადად.

მეთოდოლოგიური მახე – რატომ აჭარბებს ბრუნვა საბანკო სექტორის დეპოზიტების ჯამურ მაჩვენებელს?

89 მლრდ ლარი ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ კაზინოების მთლიანი მოგება მთლად ამხელაც არაა. ეს რიცხვი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ჯამურ დეპოზიტებსაც კი აღემატება, ანუ იმ თანხას, რაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ლარში და უცხოურ ვალუტაში ანგარიშზე უფიქსირდებათ, როგორც ვადიანi ანაბრების, ასევე მიმდინარე ანგარიშების სახით.

რომ განვმარტოთ, ეს რიცხვი, ანუ 89 მილიარდი, ბრუნვას ასახავს და არა კაზინოების მოგებას ან მოთამაშეების წაგებას.

რას მოიცავს ბრუნვა? თუ პირმა 20 ლარი ჩარიცხა, მოიგო 50 ლარი, შემდეგ ეს მოგებული ფული ჩააბრუნა და 100 ლარი მოიგო, დადო ის მოგებული 100 ლარიც და წააგო. მისთვის ზარალი 20 ლარი იქნება, თამაშის დასრულების შემდეგ იმაზე 20 ლარით ნაკლები ექნება ვიდრე მის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ ბუღალტრულად ბრუნვა 170 ლარი გამოვა (20+50+100=170).

2024 წელს, სექტორის 6 უმსხვილესი მოთამაშის (კრისტალბეთი, აჭარაბეთი, კროკობეთი, ლიდერბეთი, ევროპაბეთი და ბეთლაივი) წმინდა მოგებამ ₾547 მლნ შეადგინა, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ იმ წელს დაფიქსირებულ ბრუნვასთან შედარებით 140-ჯერ ნაკლებია.

ასეთი მნიშვნელოვანი ნიუანსის მიუხედავად, ბრუნვა მაინც ძალიან მაღალია და თან მზარდი. მართალია წილობრივი ზრდის ტემპი 2018-2021 წლებში (მეთოდოლოგიის ცვლილებიდან რეგულაციების გამკაცრებამდე) უფრო მაღალი იყო, მაგრამ ზრდა არც შემდგომ პერიოდში შეუწყვეტია.

გამკაცრებული რეგულაციები

რეგულაციების გამკაცრება 2022 წლის მარტიდან დაიწყო და 2024-2025 წლებშიც გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში:

  • აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამები;
  • ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა;
  • სოციალურად დაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ;
  • სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს სპეციალურ რეესტრში საკუთარი თავის დაბლოკვის საშუალება მიეცათ;
  • აიკრძალა საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ონლაინ კაზინოებში რეგისტრაცია;
  • აიკრძალა ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვა;
  • გაიზარდა ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო;
  • გაიზარდა მოსაკრებელი.

ამოქმედებამდე ორჯერ დაწუნებული შეზღუდვები

2022 წლამდე ქართული ოცნების გუნდში შინაარსობრივად მსგავსი კანონპროექტი ორჯერ წარადგინეს და ორივეჯერ ჩააგდეს.

2013 წლის მაისში, პარლამენტმა მეორე მოსმენისას, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი ჩააგდო. ინიციატივა დეპუტატ კობა დავითაშვილის ეკუთვნოდა. კანონპროექტი მაშინაც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა და არა მთლიანად კაზინოების. უმრავლესობის წევრებმა მაშინ გადაწყვეტილება „სარეკლამო ბიზნესის არ დაზიანების“ მოტივით ახსნეს. კობა დავითაშვილი იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა და აღნიშნა რომ მისი ინიციატივა საინვესტიციო გარემოს აზარალებდა.

აზარტული თამაშების რეგულირებას რეკლამების აკრძალვას, სოციალურად დაუცველებისა და საჯარო მოსამსახურეების დაბლოკვას, ანუ ფაქტიურად იგივეს, რაც 2022 წლიდან ამოქმედდა, 2017 წლიდან მოყოლებული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც ითხოვდა, 2019 წელს პარლამენტმა მისი ინიციატივაც დაიწუნა.

კითხვები მედიისთვის დაფინანსების წყაროს შეზღუდვის შესახებ და პარადოქსები შეზღუდვების პარალელურად

კანონპროექტის განხილვის პროცესში, საბა ბუაძე, პარტია „ლელოს“ სახელით, მედიაში მოსალოდნელი შემოსავლების შემცირების კომპენსირების მიზნით, მედიისთვის გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლების იდეით გამოვიდა. უმრავლეოსბამ არც მისი წინადადება გაითალისწინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, 2021 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალმა ₾80 მლნ შეადგინა, საიდანაც 22% – ₾17.9 მლნ აზარტულ თამაშებზე მოდიოდა. კვლევა არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ონლაინმედიის ნაწილისთვის აზართული თამაშების რეკლამის წილი პროცენტულად კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო.

კითხვები მაინც რჩება, არის თუ არა თანმიმდევრული სახელმწიფო აზარტული თამაშების მიმართ, რადგან სპორტში ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთში დღემადე (2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით)  „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ჰქვია. ბათუმის ახალ სტადიონს 2021-2026 წლებში „აჭარაბეთ არენა“ ერქვა. რეკლამებიც ტელევიზიებში, ონლაინმედიასა და ბილბორდებზე აღარაა, თუმცა Youtube-ზე ისევ ჩანს. სოციალურ ქსელებშიც სქროლვისას ხშირად ისეთი ვიდეოების ხილვაა შესაძლებელი, რომელიც შინაარსობრივად რეკლამას შეიძლება მივაკუთვნოთ.

ლუდომანია 

ზოგადად ლუდომანია მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც თამაშის გამო სერიოზული მენტალური და ფინანსური პრობლემები შეჰქმნია და სახლიც დაუკარგავს, მაღალი იქნება. ამ აშკარად ნეგატიური მხარის მიუხედავად, საეჭვოა სრული აკრძალვა გამოსავალი იყოს. აკრძალვით მოთამაშეთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ დიდია რისკი, რომ თამაშებმა იატაქვეშეთში გადაინაცვლოს, სადაც წაგებული თანხის ამოღება უფრო ბრუტალური წესით მოხდება, რაც თავის მხრივ კრიმინალის დონეს ზრდის.

ეფექტი ბიუჯეტზე

რა არის სექტორის ეკონომიკური სარგებელი? საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ცნობით, აზარტული თამაშების სექტორმა 2025 წელს გადასახადების სახით ბიუჯეტში 1 მილიარდი და 750 მლნ ლარი გადაიხადა (ხსენებული თანხა მოსაკრებლებსაც აერთიანებს, რომლებიც ოფიციალურად გადასახადებს არ მიეკუთვნება). ეს თანხა მთლიანი ბიუჯეტის 5.7%-ია. სექტორის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადების ჯამური მოცულობა 2021 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა, რაც ძირითადად საგადასახადო ტვირთის ზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.

აზარტული თამაშების სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

2022 წელს აზარტული თამაშები მოგების 10%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა, 2024 წლიდან 15%-იანი და 2025 წლიდან 20%-იანი განაკვეთით. ამასთან კაზინოებისთვის მოგება იანგარიშება მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემული მოგების სხვაობიდან და მასში იჯარის ან სახელფასო ხარჯები არ შედის.

2025 წელს აზარტული თამაშების კომპანიებმა მოგების გადასახადის სახით ₾833 მლნ გადაიხადეს, რაც ყველა კომპანიის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის 29%-ია.

მეორე ადგილზე 664 მლნ ლარით საშემოსავლო გადასახადია. ეს მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასებიდან დაქვითული ფული არაა. ფიზიკურ პირებს მოგებიდან 5% საშემოსავლო ექვითებათ და ხსენებული 664 მლნ-ის დიდი ნაწილიც სწორედ ამ გზით იქნა ფორმირებული.

დღგ-ს წილი მოკრძალებულია და 19 მლნ-ს შეადგენს. გდასახადით სახელდებულ გადასახადებს სალიცენზიო და სანაბერთვო მოსაკრებლები ემატება 87 და 146 მლნ-ის ოდენობით.

სექტორი 13 ათასზე მეტ ადამიანს ასქმებს და ტურისტთა ნაწილი საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის, მაგრამ უცნობია რა ნაწილი.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას შემდეგი: რეგულაციების გამკაცრებით ერთის მხრივ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა, მეორე მხრივ ბრუნვის ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა შემცირდა მხოლოდ დინამიკა და არა თავად ბრუნვა.