ახალი ამბები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია – ვინ ვეღარ ითამაშებს კაზინოში

14 დეკემბერი, 2021 • 9210
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია – ვინ ვეღარ ითამაშებს კაზინოში

თუკი პარლამენტი ინიცირებულ ცვლილებებს მიიღებს, შეიქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია, რომელთაც თამაშის უფლებას არ მისცემენ.

მსგავსი ინიციატივა პარლამენტს 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ კანონი არ დამტკიცებულა.

პარლამენტს 13 დეკემბერს წარედგინა კანონპროექტების პაკეტი აზარტული ონლაინ-თამაშების რეგულირებასთან, დაბეგვრის წესის ცვლილებასთან და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ამასთან, მთავრობის გეგმით, ონლაინ თამაშებში მონაწილეობა დაახლოებით 1 მლნ ადამიანს აეკრძალება.

„დამოკიდებულ“ და „აკრძალულ“ პირთა სია

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში კანონმდებლობაში შემოდის ორი ახალი ცნება: „დამოკიდებულ პირთა სია“ და „აკრძალულ პირთა წრე“.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქალაქე თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე „მისი ოჯახის წევრი ხდება უფლებამოსილი, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა“.

ეს გადაწყვეტილება, მთავრობის ხედვით, უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც სურს, აღარ შეეძლოს თამაში (ან მათი ოჯახის წევრებმა).

ამასთანავე, განისაზღვრება „აკრძალულ პირთა წრე“, რომელიც ძირითადად მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ პირებს.

ზუსტი სია მოიცავს:

  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს
    • (მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურეს, საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს);
  • „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
    კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს;
  • „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს;
  • სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.

განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნორმატიული აქტით, ხოლო აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით.

ამასთან, გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველა სახის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობისთვის – ნაცვლად 18 წლისა, დაშვების ასაკი განისაზღვრა 25 წლით.

როგორც ასაკობრივი შეზღუდვა, ასევე სიების საკითხი ეხება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში გამართულ თამაშებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი