პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესს შეეხება.
მმართველი გუნდის ინიციირებული ცვლილებები ონლაინ კაზინოებით, ონლაინ სლოტ-კლუბებით და სათამაშო აპარატებით თამაშობების ორგანიზებას შეეხება.
კერძოდ, აქამდე მოქმედი კანონით დასაშვები იყო ამგვარი თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინკაზინოს მოწყობის მსურველს ერთი ნებართვით შეეძლოს მხოლოდ ერთი შესაბამისის საიტის გაკეთება.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი ერთი ნებართვით დასაშვები იქნება ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ერთი ინტერნეტდომენი (და ვებგვერდი)გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე- უცხოელებისთვის.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით გაიზრდება, ერთი მხრივ, საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ – არსებული ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების რაოდენობა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე და გოჩა ენუქიძე. ისინი ცვლილებებს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიღებას მოითხოვენ. საგაზაფხულო სესია კი 28 ივნისს იხურება, შესაბამისად, დაჩქარებულად განხილვის შემთხვევაში ცვლილებებს სამივე მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებენ.
„მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპერატიულად განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები და აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია საკმაოდ მცირე პერიოდი, საჭიროა კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს დაჩქარებულ ვადაში“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებულ ნებართვის მფლობელებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
რაც შეეხება კანონპროექტის მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებს, განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, რომ 2024 წლისთვის, დღეს მოქმედი სისტემურ-ელექტრონული ფორმით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისგან მოსალოდნელია 2,2- მილიარდიანი GGR მაჩვენებელი, რაც მომდევნო წლებისთვის გაიზრდება დაახლოებით 30%-ით. GGR(Gross Gaming Revenue), ანუ თამაშების მთლიანი შემოსავალი არის სხვაობა ამა თუ იმ კომპანიის მიერ მიღებული ფსონების რაოდენობასა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის გამო ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსშიც, რომლის თანახმადაც:
- უქმდება უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის საშემოსავლო გადასახადი 5%-ის ოდენობით.
- უქმდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების მიერ განთავსებული ფსონების გადასახადი 7%-ის ოდენობით.
ამასთან, პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირისთვის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
აგრეთვე, აღნიშნული ონლაინ თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად: „ამგვარი მოთამაშეების მიერ განთავსებული ფსონებისა და მათზე გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 5%-ს“.
ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს.
კერძოდ, 2022 წლიდან სრულად აიკრძალა როგორც ონლაინ, ასევე, ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება .
აიკრძალა 25 წლამდე პირებისთვის თამაშიც. ასევე, აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალებათ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებს, მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურეს, საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს), „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს; სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.
ასევე შეიცვალა ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი