ახალი ამბები

აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა მატჩების ტრანსლირებას ნაწილობრივ შეეხება

14 დეკემბერი, 2021 • 1700
აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა მატჩების ტრანსლირებას ნაწილობრივ შეეხება

საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, რომლის მიღების შემთხვევაშიც, აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება, ეს გადაწყვეტილება მატჩების ტრანსლირებას ნაწილობრივ შეეხება.

კანონპროექტის მიხედვით, რეკლამის გავრცელება დაუშვებელია (მედიით, ვებგვერდებით და ა.შ.) გარდა იმ შემთხვევისა, თუ  მაუწყებელი ამგვარ რეკლამა სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს:

„სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელებისას ნებადართულია მხოლოდ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გავრცელება/გამოცხადება არაუმეტეს 10 (ათი) წამის ხანგრძლივობით 1 (ერთ) საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე“, – წერია კანონპროექტში.

შესაბამისად, მაუწყებლები, რომლებიც სპორტულ ღონისძიებებს გააშუქებენ, კვლავ შეძლებენ სპონსორობის სანაცვლოდ გარკვეული რეგულაციებით ორგანიზატორის დასახელებას.

„ნეტგაზეთი“ დასაზუსტებლად დაუკავშირდა კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, დავით სონღულაშვილს. დეპუტატის თქმით, საგამონაკლისო დათქმა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას ეხება. მაგალითად, საფეხბურთო მატჩის ტრანსლირებისას მაუწყებელს ექნება უფლება, თუ ღონისძიება რომელიმე კომპანიის სპონსორობით გადაიცემა, გაახმიანოს მისი ვინაობა ერთი საათის განმავლობაში არაუმეტეს 10 წამისა, ყოველგვარი ვიზუალიზაციის გარეშე.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, დათქმა არ ეხება სპორტულ გადაცემებსა და სიუჟეტებს.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, კვლავ ნებადართულია აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიების გრაფიკული რეკლამის გამოფენა სტადიონებსა და სპორტულ ატრიბუტიკაზე. მაუწყებლებს მატჩის ტრანსლირებისას მათი დაფარვის ვალდებულება არ აქვთ.

ასევე, რეკლამა დასაშვებია ნებისმიერი ფორმით, საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

ასევე, რეკლამის გავრცელების დაშვება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობასთან მიმართებაში დაზუსტდა რეკლამის გავრცელების ნებადართული ფორმა. კერძოდ, რეკლამის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების ან/და სპორტული შეჯიბრების გამართვის/ჩატარების ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსების გზით ან/და მოთამაშეთა (სპორტულ ღონისძიებაში/შეჯიბრებაში მონაწილეთა) უნიფორმაზე განთავსების გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი