ახალი ამბები

რუსეთი ნატოსგან ითხოვს, გაიყვანოს ძალები ბულგარეთიდან და რუმინეთიდან

21 იანვარი, 2022 • 1383
რუსეთი ნატოსგან ითხოვს, გაიყვანოს ძალები ბულგარეთიდან და რუმინეთიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატოსთვის წაყენებულ მოთხოვნათა შორის არის მოთხოვნა, ალიანსმა გაიყვანოს ძალები ბულგარეთიდან და რუმინეთიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში 21 იანვარს დააზუსტეს, რომ რუსეთის წინადადება ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესახებ მოიცავს ნატოს ჯარების გაყვანას ბულგარეთიდან და რუმინეთიდან.

ეს ქვეყნები ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, ეს პუნქტი „ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული“.

„ჩვენ ვსაუბრობთ უცხოური ძალების, ტექნიკისა და შეიარაღების გაყვანასა და სხვა ნაბიჯებზე, რათა დაბრუნდეს 1997 წლისთვის არსებული კონფიგურაცია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც არ იყვნენ ნატოს წევრები მითითებულ დროს. მათ შორისაა ბულგარეთი და რუმინეთი“, – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განაცხადა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.


2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • „არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე“.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

დიპლომატიური მოლაპარაკაბები როგორც აშშ-თან ორმხივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი