„შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში გამართული აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების ორი პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი მიმდინარე კვირასაც ელოდებოდა წერილობითი პოზიციას აშშ-ისა და ნატო-სგან, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის ფორმალური დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა.
„ინტერფაქსის“ ცნობით, დღევანდელი შეხვედრა დროზე ადრე, ნახევარ საათში დასრულდა. გამოცემა რუსულ დელეგაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილი იყო 2 საათი.
„ეს იყო შუალედური შეხვედრა და წინასწარი რეაქცია ჩვენს შეთავაზებეზე. იყო დამაზუსტებელი კითხვები ჩვენი მისამართით, რომელზეც პასუხები დაეხმარება ამერიკელ კოლეგებს, მოამზადონ წერილობითი რეაქცია ჩვენ მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე. ენტონი ბლინკენმა მითხრა, რომ კმაყოფილია აზრთა გაცვლა-გამოცვლით. მაგრამ საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“, — განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს თავს დაესხას უკრაინას და გაუგებარია დასავლეთის შეშფოთება რუსეთის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა აშშ ევროპაში ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას. მისი თქმით, ამერიკელი კოლეგები ცდილობდნენ უკრაინის საკითხი და საზღვარზე “დეესკალაცია” დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად წარმოეჩინათ, თუმცა ევროპის უსაფრთხოების საკითხი უკრაინის თემამდე არ დადის.
„უკრაინასთან დაკავშირებით, ბლინკენმა დაადასტურა, რაც თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა მათი მზაობის შესახებ, ხელი შეუწყონ მინსკის შეთანხმების შესრულებას და შევთავაზე, გამოიყენონ მათი გადამწყვეტი გავლენა კიევზე, რომ აიძულონ ის, გონს მოეგოს და შეწყვიტოს ამ დოკუმენტის საბოტაჟი“, — თქვა ლავროვმა.
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.
მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.
11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.
დიპლომატიური მოლაპარაკაბები როგორც აშშ-თან ორმხივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.
ამავდროულად, კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.
რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგება დაიწყეს.