საზოგადოება

“აქ არ არის სივრცე ვაჭრობისთვის” — ბლინკენი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ

21 იანვარი, 2022 • 1441
“აქ არ არის სივრცე ვაჭრობისთვის” — ბლინკენი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დღევანდელი შეხვედრა იყო გულახდილი და საგნობრივი.

„მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე შეერთებული შტატების და მისი პარტნიორების პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რომელიმე რუსული შეირაღებული ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, რომელსაც სწრაფი, მკაცრი და ერთობლივი პასუხი გაეცემა. ჩვენ ასევე ვიცით, რუსეთს ახასიათებს უფრო მცირე სამხედრო აქტივობებიც, კიბერთავდასხმები, პარამილიტარული ტაქტიკები, რომელსაც ასევე გაეცემა შესაბამისი ერთობლივი პასუხი“, — განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აგრესიის ნებისმიერ ფორმას გაეცემა სწრაფი და მკაცრი პასუხი.

ბლინკენმა თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეები მზად არიან გაიზიარონ რუსეთის რიგი შეშფოთებები, თუ რუსეთიც გააკეთებს იგივეს, და გაზარდონ გამჭვირვალობა შეაირაღაბასთან დაკავშირებით, აღადგინონ ნდობა, თუმცა არ იტყვიან უარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე.

„მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა დაძაბულობის შესამცირებლად. ეს არ იყო მოლაპარაკებები, არამედ შეშფოთებებისა და იდეების გულწრფელი გაზიარება. არის საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ერთგულად დაიცავენ აშშ და მისი პარტნიორები. მათ შორისაა უკრაინელი ხალხის უფლება, თავად აირჩიონ მომავალი. აქ არ არის სივრცე ვაჭრობისთვის“, — განაცხადა ბლინკენმა.

მან დაადასტურა, რომ მომავალ კვირას წერილობით წარადგენს რუსეთის საპასუხო პოზიციას და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

დღეს, 21 იანვარს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ელის აშშ-ის წერილობით პასუხს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე.

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

 

შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წერილობით პასუხს მივიღებთ — ლავროვი

ბლინკენი: რუსეთს 2 არჩევანი აქვს, დიპლომატიის და აგრესიის, ორივესთვის მზად ვართ

მასალების გადაბეჭდვის წესი