ახალი ამბები

მიატოვიჩი: მოვუწოდებ პარლამენტს თავი შეიკავონ ინსპექტორის გაუქმებაზე კანონის მიღებისგან

28 დეკემბერი, 2021 • 2636
მიატოვიჩი: მოვუწოდებ პარლამენტს თავი შეიკავონ ინსპექტორის გაუქმებაზე კანონის მიღებისგან

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი დუნია მიატოვიჩი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს თავი შეიკავონ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან.

ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება შეასუსტებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას:

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს თავი შეიკავონ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიგებისგან, კომპეტენტურ პირებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე.

კანონპროექტი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელსაც ევალება პერსონალური მონაცემების დაცვა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. მიღების შემთხვევაში, აღნიშნული კანონი დაასუსტებს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“ – ამბობს დუნია მიატოვიჩი.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი