ახალი ამბები

„საგამოძიებო სამსახურის უფროსად მხარს კაციტაძეს, ინსპექტორად კი ჯანაშვილს დავუჭერთ“ – მდინარაძე

14 თებერვალი, 2022 • 1090
„საგამოძიებო სამსახურის უფროსად მხარს კაციტაძეს, ინსპექტორად კი ჯანაშვილს დავუჭერთ“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერენ მხარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელის ვაკანსიაზე.

მდინარაძის თქმით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად ხვალ „ქართული ოცნება“ მხარს კარლო კაციტაძეს დაუჭერენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი,  ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას:

„საგამოძიებო უწყებაში არ დაგიმალავთ, რომ გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის თანამდებობას, საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ მხარს დაუჭერს  ლელა ჯანაშვილს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი