ახალი ამბები

დიდი იმედი მაქვს, ვიღაც მაინც შეაკავებს ამ პროცესს – თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

28 დეკემბერი, 2021 • 1646
დიდი იმედი მაქვს, ვიღაც მაინც შეაკავებს ამ პროცესს – თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას თქმით, მას შემდეგ, რაც მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების შესაძლო გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირად შეხვედრებზე მხარდაჭერა გამოუცხადეს და პროცესი კი “არაჯანსაღად” შეაფასეს.

ამის შესახებ თოლორაიამ დღეს, 28 დეკემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ჟურნალისტებთან გამოთქვა იმედი, რომ სამსახურის გაუქმების პროცესს “ვიღაც მაინც შეაკავებს”

“25 დეკემბრის შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა [სამსახურის გაუქმების შესახებ], მე შევეცადე ყველასთან კოორდინაციას. მქონდა შეხვედრა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე კელი დეგნანთან. ორივეს მხრიდან იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატული და ისევე როგორც მე, ისინიც ფიქრობენ, რომ ეს პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობდა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ სახელმწიფო ინსპექტორის აზრი და სამსახურის აზრი მათთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ვიღაც მაინც შეაკავებს ამ პროცესს”, – განაცხადა თოლორაიამ.

ამასთან, მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ მისთვის სამსახურის შესაძლო გაუქმების შესახებ მხოლოდ 25 დეკემბერს გახდა ცნობილი, მას დიდი ხნის განმავლობაში არ მიეცა იმ კანონპროექტის გაცნობის საშუალება, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების გაუქმებას ითხოვს:

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ბიუროს სხდომაზე გუშინ, 27 დეკემბერს განიხილეს, თოლორაიას თქმით, მას ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში მიაწოდეს სრული კანონპროექტი. შესაბამისად, ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სამსახური სრულად გაცნობოდა კანონპროექტს, თუმცა ძირითადი დებულებების გაცნობა მაინც მოახერხა:

“ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურს გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე მე ჩემი კრიტიკული პოზიცია მექნება, სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტებს დავსწრებოდი”, – თქვა თოლორაიამ.

მისი თქმით, მან ასევე დაგვიანებით მიიღო ინფორმაცია კომიტეტის დაწყების დროსთან დაკავშირებითაც: “ფაქტობრივად ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ არის რეფორმა, არამედ არის “შტურმის ახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა”.


„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი