სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკული გადაწყვეტილებები

27 დეკემბერი, 2021 • 2956
სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკული გადაწყვეტილებები

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, 6 წლის ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება — სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური — იქმნება. სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლარაიას თქმით, სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. „ნეტგაზეთი” შეგახსენებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე, „ქართული ოცნებისთვის“ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების მაგალითებს:

  • ლუკა სირაძის საქმე

ლუკა სირაძის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში. 15 წლის ლუკა სირაძემ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრების თქმით, პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. არასრულწლოვანს პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელსაც შსს-ს წარმოებაში არსებული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ჩვენების მიცემის იძულების მუხლით დააკავა. ასევე, გამოვლინდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები, თუმცა სხვა პოლიციელებთან მიმართებაში ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა. გამოძიების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორმა ლუკა სირაძის საქმის გამო “მწვანე სკოლის” წინააღმდეგ რეაგირებისთვის განათლების სამინისტროს მიმართა. მარიანა ჩოლოიანი საბოლოოდ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ეს ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მედიიდან შეიტყვეს.

  • სააკაშვილის საქმე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა. უწყებებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეოჩანაწერის წაშლა დაევალათ. საუბარია მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაციაზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერზე და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალაზე.

ამასთან, უწყებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებისთვისაც.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ, როდესაც საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ შექმნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხეც, ვინაიდან სააკაშვილმა შიმშილობის ფორმა დაამძიმა. ხოლო №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ სააკაშვილმა საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, სახელმწიფო ინსპექტორის აზრით, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

გამოძიების წარმოების პარალელურად, მაშინ როცა მთავრობა უარს აცხადებდა ექს-პრეზიდენტის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ პირობებში მოეთავსებინათ, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა.

  • ლექსო ლაშქარავას საქმე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. ინსპექტორმა დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე. ​​

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და 2000 ლარით დაჯარიმდა.

ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულება.

  • წულუკიანის საქმე

2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ციხეებთან დაკავშირებით ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდნენ, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ამსახველი ვიდეო მიიტანა. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და მათ 500-500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის ციხეში შეხვედრის კადრების თანხმობის გარეშე გასაჯაროების გამო. ეს საქმე პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოშიც წააგო.

  • ნინოწმინდის საქმე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა ნინოწმინის პანსიონი ბავშვების აუდიო-ვიდეოჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროების გამო. უწყებამ თქვა, რომ ამ ფორმით მონაცემთა გასაჯაროება არღვევს ბავშვთა უფლებებს და მათ მოწყვლადს ხდის. საქმე ეხება პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მთავარეპისკოპოს სპირიდონის ე.წ. ფეისბუკ ლაივს. გავრცელებულ კადრებში ისმოდა, რომ მთავარეპისკოპოსი სხვა ზრდასრულებთან ერთად ეკითხებოდა ბავშვებს, უნდოდათ თუ არა წასვლა. რამდენიმე მათგანი გადაღების მიმდინარეობისას ტიროდა კიდეც, ნაწილი კი წასვლაზე უარს აცხადებდა.

  • ინსპექტორის პოზიცია სუს-ის ფაილებზე

სექტემბერში ინტერნეტში სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ფაილებში წარმოდგენილი იყო წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, თუმცა ინსპექტორმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სხვადასხვა პირთა მიმართ სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა. ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

  • ინსპექტორის კრიტიკა შსს-ს კანონპროექტზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გააკრიტიკა საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით შსს-ს მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროკურატურისგან დამოუკიდებლობას, სამსახურს არ ანიჭებს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პროკურორისგან დამოუკიდებლად მიღების უფლებამოსილებას, ვერ პასუხობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიზანს და სრულად არ ეხმიანება აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსაც წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის განხილვისას მხედველობაში იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამსახურის საგამოძიებო მანდატის თავისებურებები.

თუმცა ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. გარდა ამისა, ახლაშექმნილ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას “სისხლის სამართლის კოდექსის” სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გურამ მაჭარაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში უარყო, რომ ამ გადაწყვეტილებას რამე კავშირი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებთან. მისი თქმით, გამოძიებისა და პერსონალური მონაცემების გამიჯვნას 2 წლის წინ არასამთავრობო სექტორშიც ითხოვდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2019 წელს შეიქმნა. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურის „სწორად ჩამოყალიბებას“ თავის დროზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ემხრობოდა, თუმცა დღეს არსებული ფორმით სამსახურის შექმნა „ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი“ იყო. ამ კომენტარით მან, სავარაუდოდ, მიანიშნა, რომ ლონდა თოლორაია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას კადრია.

პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული განხილვის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და არასამთავრობო სექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის თავმოყრა იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვას. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ამითი სრულდება არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის შესახებ.

ლონდა თოლორაია პარლამენტს შეახსენებს, რომ ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საკანონმდებლო ორგანომ ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა. სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ პროექტის ინიცირებამდე პარლამენტს ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, შექმნა თუ არა რამე პრობლემა ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ.

„ახალი კანონპროექტით ხდება არა სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია. უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1-ლი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ნაცვლად იმისა, სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ უწყებაში, პარლამენტმა გადაწყვიტა ყველა ჩვენგანის სახლში გაშვება. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი. ინსპექტორის სამსახური და ლონდა თოლორაია არასოდეს იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის რეფორმაზე დაფიქსირებული განსხვავებული და კრიტიკული პოზიციისთვის, საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ვითხოვდით მოხელეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და რომელთაგან არც ერთი იქნა დაკმაყოფილებული, მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტების დანერგვისთვის, ინფორმაციის უსაფრთხოების კანონზე ჩვენი განსხვავებული პოზიციისთვის და სხვა“, — განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ წელს პროკურატურაში გაგზავნილია 5 საქმე, რომლითაც უწყება მოხელეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვდა, თუმცა არცერთი დაკმაყოფილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი