ახალი ამბები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 11 ათას პირამდეა რეგისტრირებული

10 ნოემბერი, 2023 • 3623
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 11 ათას პირამდეა რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 10 793 პირია რეგისტრირებული. უწყების ცნობით, აქედან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიაში 40 ადამიანია შეყვანილი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 10 753.

უწყების ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 475 075 პირის შესახებ ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან – „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.

უწყების განცხადებით, თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge – ვებგვერდის საშუალებით. ვიდეოზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

„ასევე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან“, — აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს. ამასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – ,,სათამაშო ბიზნესი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი