ახალი ამბები

გორის მერიის ბუღალტერი ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში ხარჯავდა — სუსი

14 აპრილი, 2022 • 1124
გორის მერიის ბუღალტერი ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში ხარჯავდა — სუსი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიუჯეტიდან, ჯამში, 143 985 ლარი მიითვისა, „თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს“.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ თავის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში“, — წერია უწყების განცხადებაში.

პირი დაკავებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით.

მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო აუდიტმა. იმ დროისთვის უწყებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს კერძო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა განცხადებაში ტოტალიზატორებზე საუბარი არ ყოფილა.

გორში მოხელემ ბიუჯეტიდან საკუთარ ანგარიშზე ასეულობით ათასი ლარი გადარიცხა – აუდიტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი