ახალი ამბები

კუჭავას თქმით, იზიარებს ტიკარაძის პოზიციას „მწვანე პასპორტებზე“

10 დეკემბერი, 2021 • 1319
კუჭავას თქმით, იზიარებს ტიკარაძის პოზიციას „მწვანე პასპორტებზე“

პარლამენტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, იზიარებს ეკატერინე ტიკარაძისა და ექიმების პოზიციას „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა გადამდგარი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პოზიციას მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, კახა კუჭავამ უპასუხა:

„ტიკარაძის პოზიცია იყო, თუ არ ვცდები, მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული“.

„მწვანე პასპორტები“ საქართველოში პირველი დეკემბრიდან შევიდა ძალაში. მედიკოსთა დიდი ნაწილი აკრიტიკებს მისი მუშაობის პრინციპს, რომლის თანახმადაც, თუკი ადამიანმა ერთხელ გადაიტანა კორონავირუსი, ქართულ დოკუმენტში მუდმივი „მწვანე სტატუსი“ ენიჭება. ექიმების პოზიციას იზიარებდა ეკა ტიკარაძეც.

ეკატერინე ტიკარაძემ 2 დეკემბერს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება, ეს ვადა გადაიხედოს:

„შეიძლება, რომ გადაიხედოს ვადა, ვინაიდან … გარკვეულ რისკებს ვხედავთ
[იმაში], რომ ეს იყოს უვადო და ჩვენ წარვადგენთ საბჭოზე ამ რისკებს“.

ირაკლი ღარიბაშვილს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. 8 ნოემბერს ღარიბაშვილმა განაცხადა:

„იყო მოსაზრება, რომ კორონაგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო ამ შეზღუდვის მოხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, „მწვანე სტატუსი“ ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ პოსტის დატოვების მიუხედავად, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი