ახალი ამბები

მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ ბოროტების დასასრულებლად – კუჭავა სამშობიაროს დაბომბვაზე

10 მარტი, 2022 • 1162
მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ ბოროტების დასასრულებლად – კუჭავა სამშობიაროს დაბომბვაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმაურება მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას, რომლის დროსაც ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებებიხ დაინგრა.

კუჭავას თქმით, „ბოროტების დასასრულებლად“ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.

„წარმოუდგენელია! გაუგონარი სისასტიკე! სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა?! მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ ბოროტების დასასრულებლად!“- წერს კუჭავა ტვიტერზე.

უკრაიანაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კახა კუჭავამ ასევე დაწერა, რომ უკრაინელი ხალხი თავისი სისხლის ფასად არა მარტო სამშობლოს, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს იცავს.


9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. მათი ინფორმაციით, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაშავებული ორსული ქალი, რომელიც ადგილიდან საკაცით გაჰყავთ. კადრების თანახმად, შენობა ძლიერ დაზიანებულია.

უკრაინის ცნობით, დაშავებულია 17 პირი, რომელთა შორისაც არის როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ისე — პაციენტები. უკრაინული მედია იუწყება, რომ აფეთქებები სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის, ეზოში მოხდა.

დონეცკში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს თქმით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა “მადლობა ღმერთს, ნულია”.

“იმედი მაქვს, ასეც დარჩება”, — დასძინა მან.

მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად არავის დაღუპვა არ დადასტურებულა. Interfax Ukraine-ის მიხედვით, კირილენკომ ასევე თქვა, რომ ავიადარტყმა იმ პერიოდში განხორციელდა, რომელზეც რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ვრცელდებოდა.

მარიუპოლის მერიის თანახმად, ავიადარტყმამ “კოლოსალური ზიანი” გამოიწვია. უწყებამ გაავრცელა კადრებიც, რომელშიც საავადმყოფოს დამწვარი განყოფილებები და დამწვარი ავტომანქანები ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი