საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

27 დეკემბერი, 2021 • 3796
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაასახელა.

„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. არის ძალიან კარგი მენეჯერი. ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა და უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის და მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, ბატონი ზურა იქნება ძალიან კარგი მინისტრი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს ნდობისთვის და თქვა, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, თუმცა იმედოვნებს, მოკლევადიან პერიოდში შეძლებს ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას.

ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორი იყო.

მანამდე აზარაშვილი იყო „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი, ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა „ტერაბანკში“, „კორ სტანდარტ ბანკში“, „ქართუ ბანკსა“ და „თიბისის ბანკში“.

ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში, ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი