საზოგადოება

რა პრობლემა აქვს ქართულ „მწვანე პასპორტს”

26 ნოემბერი, 2021 • 14444
რა პრობლემა აქვს ქართულ „მწვანე პასპორტს”

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში „მწვანე პასპორტები“ პირველი დეკემბრიდან შედის ძალაში. პროცესს თან ახლავს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ქართულ კოვიდდოკუმენტს მსოფლიოში გამორჩეულსა და „განსაკუთრებულს“ ქმნის.

ერთ-ერთი ასეთი დეტალია ის, რომ ადამიანმა ერთხელ თუ გადაიტანა კორონავირუსი, ქართულ დოკუმენტში მუდმივ „მწვანე სტატუსსძ ანიჭებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ამ მხრივ “საქართველოსნაირი განსაკუთრებული ქვეყანა მეორე არ არის მსოფლიოში”.

ექიმების აზრით, ამ მიდგომას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან და, შესაბამისად, წესის შეცვლას ითხოვენ. ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა ხარვეზები აქვს ქართულ კოვიდპასპორტს, რომელსაც საქართველოს მთავრობაში უნიკალურ დოკუმენტად მიიჩნევენ და რომლის გარეშეც სხვადასხვა ობიექტში მომხმარებელი ვერ შევა.

რას ნიშნავს ქართული „მწვანე პასპორტი“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება პირს, ვინც ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს:

  • გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„იყო მოსაზრება, რომ კორონაგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო ამ შეზღუდვის მოხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, „მწვანე სტატუსი“ ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი”, — განმარტა ღარიბაშვილმა.

სწორედ ამ განმარტებით განსხვავდება ქართული „მწვანე პასპორტი“ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მსგავსი დანიშნულების დოკუემნეტებისგან. მაგალითად, ევროკავშირი კოვიდსერტიფიკატს გასცემს იმ ადამიანებზე, ვინც ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს:

  • გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა;
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს PCR ტესტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში – სწრაფი ანტიგენ ტესტი,
  • კორონავირუსზე PCR ტესტის დადებითი პასუხიდან არ არის გასული 180 დღე (კოვიდი გადატანილია ბოლო 6 თვეში).

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვერ შეძლებენ ის ადამიანები, ვინც არ არის აცრილი და კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ დაუდასტურდა.

რა პოზიცია აქვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს

იმის შესახებ, რომ ქართული „მწვანე პასპორტი“ უცხოური ანალოგისგან განსხვავდება, თავად საკოორდინაციო საბჭოს წევრებიც საუბრობენ.

ჯანდაცვის მინისტრი კოვიდპასპორტის განსხვავებულობას ქართული „გენეტიკითა და ხასიათით“ ხსნის და ამბობს, რომ საქართველოსთვის „გარკვეული წესების დაყოლა რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია“, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის.

“ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნება“, — თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 25 ნოემბერს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ ძირითადი დანიშნულება მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა და ვაქცინაციის წახალისებაა.

მიუხედავად ამისა, არც მას აქვს კონკრეტული პასუხი, რატომ ანიჭებს მთავრობა „მწვანე სტატუსს“ პირებს, ვინც არც აცრილია და კორონავირუსიც შეიძლება, მაგალითად, გასული წლის თებერვალში ჰქონდეს გადატანილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ქართული და უცხოური „მწვანე პასპორტები“ ერთმანეთისგან განსხვავდება, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გამოსავალი არის ორი — შიდა და გარე მოხმარების „მწვანე პასპორტების“ დაშვება.

“ამ ეტაპზე, ახლანდელი გადაწყვეტილებით, ორნაირი „მწვანე პასპორტია“: ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღნიშნულია, ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კოვიდი. ამ პასპორტით ჩაითვლება, რომ მას შესვლა შეეძლება რესტორანში, კაფეში, ბარში, სხვადასხვა დაწესებულებაში.

მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო მასშტაბით იმ QR კოდში [„მწვანე პასპორტში“], რომელიც საზღვარზე მოწმდება, ცოტა სხვა საკითხია. იქ ითვლება ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი კორონავირუსი, ამიტომ აქ [საქართველოში] მიმდინარეობს მსჯელობა ამაზე, შესაძლებელია დაშვებული იქნას ორი „მწვანე პასპორტი“, რასაც ექნება შიდა მოხმარების დანიშნულება და [მეორე] მხოლოდ გარე მგზავრობისთვის. QR კოდი ჰარმონიზირებული უნდა იყოს [უცხო ქვეყნის კოვიდპასპორტთან]“, – განმარტა გამყრელიძემ 25 ნოემბერს ჟურნალისტებთან.

მისი მოადგილე პაატა იმნაძე კი აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები სამუდამო იმუნიტეტის მატარებლები არ არიან და, შესაბამისად, არ ეთანხმება ნებისმიერი კოვიდგადატანილი ადამიანისთვის „მწვანე სტატუსის“ მინიჭებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი „უსასრულოდ იმუნიტეტის მატარებელია“ თუ არა, იმნაძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, არა, კოვიდის გადატანის შემდეგ [რა ხდება], კვლევები უკვე გამოქვეყნებულია, გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ქვეყანაში 5 000-ზე მეტი რეინფიცირების შემთხვევა. ასე რომ, კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კოვიდი არ დაგემართება“.

ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55% არის ვაქცინირებული, ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. მისი ინფორმაციით, მათ შორის არიან ის კოვიდგადატანილი ადამიანებიც, ვინც სახელმწიფოს ოფიციალურად კოვიდინფიცირებულად არ ჰყოლია აღნუსხული.

რატომ არ დაგვიცავს “ქართული მწვანე პასპორტი”

იმუნიზაციის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ აუცრელი ადამიანისთვის „მწვანე სტატუსის“ მინიჭება იმის საფუძველზე, რომ მას კორონავირუსი ერთხელ მაინც, ნებისმიერ დროს აქვს გადატანილი, მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებულია.

მათი განმარტებით, რთულია იმის დადგენა, თუ გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენ ხანს უნარჩუნდება ადამიანს იმუნიტეტი. თუმცა აცხადებენ, რომ არსებული კვლევებით ეს პერიოდი დაახლოებით 6-8 თვით შეიძლება განისაზღვროს. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე დაუშვა უცხო ქვეყნების უმეტესობამ 6-თვიანი პერიოდი.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ არ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გადატანიდან ადამიანს შეიძლება ორი წლის განმავლობაში ან სამუდამოდ შეუნარჩუნდეს იმუნიტეტი.

„[ქართულ მწვანე პასპორტს] მიახლოებითი დაცვა ექნება, თუმცა, არა გარანტირებული. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ 6-თვიან პერიოდზე, ვგულისხმობთ, რომ ამ დროსაც შეიძლება მოხდეს რეინფიცირება, თუმცა ეს ძალიან, ძალიან იშვიათია. ამიტომ, აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მაღალია ეს რისკები. კორონას გადატანიდან 6-თვიან პერიოდში თქვენი ინფიცირების რისკი მინიმალურია, თუმცა არ არის 0-ის ტოლი.

რაც შეეხება ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში ვალიდურობას და მის დაცვითუნარიანობას, ეს არანაირად არ იქნება სწორი და საიმედო. არ გამოვრიცხავ, მომავალში კვლევებმა აჩვენოს, რომ იმუნიტეტი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდეს, მაგრამ ერთი წლის ზემოთ პერიოდზე ამის ფიქრის არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს“, — უთხრა ჩხაიძემ ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც 2020 წელს გადაიტანა კორონავირუსი, დღეის მდგომარეობით, მინიმალური იმუნიტეტის მატარებელი იქნება. მათ კი, ვინც კორონავირუსი 2021 წელს გადაიტანეს, „მეტ-ნაკლებად შეიძლება ჰქონდეთ იმედი, რომ ინფიცირებისგან დაცულები იქნებიან“.

სწორედ ამიტომ, ჩხაიძის აზრით, ყველაზე კომპრომისულ შემთხვევაში „მწვანე პასპორტის“ მინიჭება შეიძლებოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც კორონავირუსი მიმდინარე წელს ჰქონდა.

იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი ამბობს, რომ ქართულ „მწვანე პასპორტში“ კოვიდგადატანილებზე არსებული ჩანაწერი „არამეცნიერული და დაუსაბუთებელია“, რადგან კორონავირუსით ადამიანი შეიძლება, რამდენჯერმე დაინფიცირდეს.

„რაც უფრო მეტი დრო გადის, რეინფიცირების რაოდენობაც იზრდება. ამიტომაც არის საუბარი, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა სრული სისულელეა, რადგან ერთი და იგივე ადამიანები ინფიცირდებიან ახალი შტამებით და ვარიანტებით. ამიტომ, პანდემიის გასაკონტროლებლად ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია“, — განმარტავს კულუმბეგოვი ნეტგაზეთთან.

ამასთან, მისი განცხადებით „მწვანე პასპორტების“ დანიშნულება ირიბი იძულების საფუძველზე ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. თუმცა, მისი თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ამ მიზანს უპირისპირდება.

„მწვანე პასპორტები მათზეა გათვლილი, ვისაც არც აცრა უნდა, არც სხვების წინაშე სურს პასუხისმგებლობის გაზიარება. ასეთი ხალხისთვის ქართული „მწვანე პასპორტი“ აცრისკენ წამაქეზებელი ვერ იქნება. ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, ვეუბნებით, რომ ვაქცინაცია აღარასდროს დასჭირდებათ იმიტომ, რომ აძლევ „მწვანე საშვს“ და სადაც უნდა, იქ შეძლებს სიარულს, რაც ინფიცირების მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის“, — აცხადებს კულუმბეგოვი.

რაც შეეხება გამყრელიძის განცხადებას ორი „მწვანე პასპორტის“ შემოღების შესახებ, კულუმბეგოვი მიიჩნევს, ამ საბუთის არსებობის რეალურ მიზანს ესეც ეწინააღმდეგება და ასეთ დროს კომპრომისზე წასვლა ექიმის მხრიდან არასწორი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი