ზუგდიდსა და წალენჯიხაში, სადაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობას არ ფლობს, საკრებულოს სხდომები ისევ ერთი კვირით გადაიდო.
საკრებულოს თავმჯდომარეები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კვლავ ვერ აირჩიეს.
10 დეკემბერს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალი საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა.
ერთი კვირით ადრე, 3 დეკემბერს, პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრების უფლებამოსილებები ცნეს, თუმცა თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
წალენჯიხაში გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გონერი კვარაცხელიამ პარტიებთან კონსულტაციებისთვის ერთკვირიანი ვადა ითხოვა:
„ჩვენ სწორად მიგვაჩნია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს საკრებულოში წარმოდგენილი პარტიების შეთანხმების, კომპრომისული გადაწყვეტილების გზით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული, ამიტომ გთხოვთ, საკრებულოს სხდომა გადაიდოს“, – განაცხადა მან.
საკრებულოს სხდომა გადაიდო ზუგდიდშიც. როგორც ენმ-ს ლიდერი, ანი წითლიძე წერს, სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ვერარჩევის გამო გადაიდო.
წინა დღით, 9 დეკემბერს, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც, თუმცა იქ მოვლენები განსხვავებულად განვითარდა.
დეტალებისთვის წაიკითხეთ:
გარეკანის ფოტო: ზუგდიდის საკრებულოს სხდომა. ანი წითლიძის ფოტო