ახალი ამბები

ჩხოროწყუში „ოცნების“ და ენმ-ის კოლაბორაცია ვიხილეთ – ბერდია სიჭინავა

9 დეკემბერი, 2021 • 1073
ჩხოროწყუში „ოცნების“ და ენმ-ის კოლაბორაცია ვიხილეთ – ბერდია სიჭინავა

ჩხოროწყუს საკრებულოში ოპოზიციონერი თავმჯდომარის კანდიდატურის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს აკისრებენ.

გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარეობის არჩევის პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებულად იმოქმედეს.

ამას კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის ჩხოროწყუს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რამაზ გულუა. ის გახარიას პარტიის ლიდერებს მოზომილი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია

რა მოხდა დღეს საკრებულოში

ჩხოროწყუს 2021 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 7, გახარიას – 7, „ლელოს“ კი – 1.

ჯამში, ჩხოროწყუს საკრებულოში ოპოზიციას 15 ხმა აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად კი 14 ხმა არის საჭირო.

9 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ და გახარიას პარტიამ წარადგინეს.

„ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა ჯუმბერ იზორია, პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი პარლამენტარი, გახარიას პარტიამ კი – შოთა წურწუმია, მაჟორიტარი დეპუტატი.

დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის ერთი დეპუტატი, რამაზ გულუა, არ იმყოფებოდა – როგორც პარტიაში განმარტავენ, ის თვითიზოლაციაშია, რადგან ერთხელ უკვე დააჯარიმეს საკრებულოს სხდომაზე მისვლის გამო 2000 ლარით და იზოლაციის წესების განმეორებით დარღვევის გამო სისხლისსამართლებირივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს. ის ამბობს, რომ ჯარიმა უკანონოდ დაუწერეს და ამის გასაჩივრებას გეგმავს.

შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე 26 დეპუტატი მივიდა. ფარული კენჭისყრის შედეგებით:

  • ერთი ბიულეტენი გაუქმდა. დარჩენილი 25 ხმიდან კი:
  • ჯუმბერ იზორიამ მიიღო 13 ხმა;
  • შოთა წურწუმიამ მიიღო 12 ხმა;

გამოდის, რომ „ოცნების“ კანდიდატს ხმა ოპოზიციიდან მისცეს, თუმცა უცნობია, ვინ მისცა მას ხმა ოპოზიციიდან.

ამასთან, ბიულეტენის გაუქმების მიზეზი ის გახდა, რომ ბიულეტენში ორივე კანდიდატი იყო შემოხაზული. შესაბამისად, ოპოზიციიდან ერთი ხმა „ოცნებასთან“ წავიდა, ერთი კი დაიკარგა.

„ენმ-ს და ოცნებას შორის მოხდა გარიგება“ – ბერდია სიჭინავა

გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებული მოვლენები „ერთადერთ რამეზე მიუთითებს: დავინახეთ „ქართულის ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი კოლაბორაცია“.

სიჭინავამ გაიხსენა გასულ კვირაში რუსთავის საკრებულოს მაგალითი, როდესაც გახარიას პარტიის კანდიდატს ენმ-ის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს და აცხადებს:

„ეს მიუთითებს ერთადერთ რამეზე: ის შემოთავაზება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააჟღერა, არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები და რეალურ პოლიტიკურ ველზე, სადაც წყდება საკითხები, საქმე არის სხვა“.

ბერდია სიჭინავა

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რა არგუმენტით ამბობს, რომ ჩხოროწყუში „ოცნების“ კანდიდატს ენმ-დან მისცეს ხმა და არა მათი პარტიიდან, ბერდია სიჭინავა აცხადებს:

„ჩვენ გარკვეული ინფორმაცია ამასთან დაკავაშირებით გაგვაჩნია და ჩვენ მანდატის მქონე ადამიანების კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ გვეპარება; ამასთან, ყველაზე კარგი ტესტი ის არის, რომ ენმ-ს თავისი კანდიდატი არ ჰყავდა წარმოდგენილი, ჩვენ კი ჩვენი კანდიდატი გვყავდა. ჩვენ მოტივაცია გაცილებით მეტი იყო, რომ ჩვენი კანდიდატი გაგვეყვანა, ვიდრე ენმ-სი, რომ ჩვენი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი“, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

კითხვაზე, თუკი ჩხოროწყუს გუნდი დარწმუნებული იყო, რომ ყველა მათგანმა მხარი შოთა წურწუმიას დაუჭირა, რატომ აღარ დარჩა განმეორებით კენჭისყრაზე, სადაც მხოლოდ ჯუმბერ იზორიასთვის, როგორც მეტი ხმის მქონე კანდიდატისთვის, უნდა ეყარათ კენჭი, – ამ შემთხვევაში, გამოჩნდებოდა, იზორია მხოლოდ „ოცნების“ 12 ხმას მიიღებდა თუ დამატებით ხმასაც, სიჭინავა აცხადებს:

„განმეორებით კენჭისყრაზე, შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დარჩენილან. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, ჩვენ დავტოვეთ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთის პირისპირ, რომ ის ფარული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება სისრულეში მოეყვანათ, თუმცა ჩვენს ამ ნაბიჯს მოჰყვა სწორედ მათი გამოსვლა საკრებულოს სხდომიდან, რომ გადაეზღვიათ ერთგვარად თავიანთი თავი და ალიბი შეექმნათ, რომ გარიგებაში არ იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“.

რას ამბობენ ენმ-ში

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს, რამაზ გულუას, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას.

„მოვისმინე, რა განცხადებაც გააკეთა ბატონმა შოთა წურწუმიამ სხდომის დასრულების შემდეგ. დაახლეობით იგივე შინაარსის იყო – რომ არიან საკუთარ გუნდში დარწმუნებულები და ჩვენკენ გადმოიტანა ისრები. ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი“, – აცხადებს იგი.

„ჩვენ მოვითხოვთ, ან დაამტკიცონ ბატონმა შოთა წურწუმიამ და ბერდია სიჭინავამ, რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებას, – ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ, ნებისმიერ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე, თუ ახლა ისინი ამას მოითხოვენ, – ან მოიტანენ იმის დამამტკიცებელ დოკუმენტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გაიყიდნენ, ან ჩვენ გვაიძულებენ, ვამხილოთ ყველაფერ იმაში, რასაც ახლა კადრულობენ“, – ამბობს რამაზ გულუა.

ამასათან, რამაზ გულუა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს მოზომილი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს:

„მინდა ვუპასუხო ბატონ ბერდია სიჭინავას: ჩხოროწყუში 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგები დაიდოს წინ, კარგად დახედოს შედეგებს და მერე ილაპარაკოს, ვინ არის გაყიდული და ვინ არა. უნდა თქვას, საიდან მოიპოვა დამატებით სამი მაჟორიტარი გახარიას პარტიამ ჩხოროწყუში და ვინ იბრძოდა მათთან ერთად. ეს არის ჩემი პასუხი. მთელმა ჩხოროწყუმ იცის ეს და ჯობია ბატონებმა უფრო მოზომილი განცხადებები გააკეთონ ჩვენთან მიმართებაში“.


ჩხოროწყუში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა გამარჯვება, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“- 1-ში, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ კი 3 მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

ჩხოროწყუს მერი, მეორე ტურის მონაცემებით, მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დათო გოგუა გახდა. მან 50.9%-ით 49.1% სძლია ენმ-ის კანდიდატ ბადრი ქარჩავას.


გარეკანის ფოტო: ლაივპრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი