გვანცა კობერიძე, რომლის და ორ ბავშვთან ერთად 9 აგვისტოს წყალმოვარდნის შედეგად ადიდებულ მდინარე ჭანისწყალში ჩარჩა, იხსენებს, როგორ განვითარდა მოვლენები. მან სოციალურ ქსელში წყლის მოვარდნამდე და მოვარდნის შემდგე გადაღებული კადრებიც გაავრცელა.
შემთხვევა წალენჯიხის სოფელ სქურში მოხდა. როგორ ქალი ჰყვება, ჭანისწყალზე რამდენიმე ოჯახი იმყოფებოდა. მისი თქმით, მდინარე დაბალი იყო, წყალი მშვიდი ჩანდა და ეს ადგილი იმიტომ შეარჩიეს, რომ ბავშვებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნიეს. ოჯახი პიკნიკისთვის ემზადებოდა, როცა მოულოდნელად „განწირული ყვირილი“ გაიგეს:
„იქვე ვაპირებდით ჩამოსხდომას, როცა მოულოდნელად, სულ რამდენიმე წამში, განწირული ყვირილი გავიგე: „გვიშველეთ!“ ყველამ მოასწრო მდინარიდან ამოსვლა, გარდა ჩემი დის, მისი შვილისა და ჩემი შვილისა. შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. მდინარეში მოულოდნელად უზარმაზარი მოწითალო და წარმოუდგენელი ძალის მქონე ნაკადი წამოვიდა. შუაგულში, ქვასთან, ჩემი და იდგა და ორ ბავშვს — ჩემს შვილსა და ჩემს დისშვილს — მთელი ძალით ეჭიდებოდა.
იმ წამებში უბრალოდ გინდა, რომ გადახტე და შენი ოჯახის წევრები გადაარჩინო, მაგრამ წყლის ისეთი ძალა მოდიოდა, რომ მდინარეში შესვლას ვერავინ ბედავდა“, – წერს გვანცა კობერიძე.
გვანცა კობერიძე ჰყვება, რომ მისი მეუღლე და სიძე წყალში გადახტნენ დარჩენილების დასახმარებლად, თუმცა ორივე დინებამ წაიღო, ისინი წყალში რაღაც დაბრკოლებას მოეჭიდნენ და ასე გადარჩნენ.
მოგვიანებით, მდინარეში დარჩენილების დახმარება უცნობმა კაცმა – ირაკლი მაქაცარიამ სცადა, რომელიც დინებამ წაიღო. სამძებრო სამუშაოების შემდეგ კაცი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. გვანცა კობერიძე ამბობს, რომ მისი და ბავშვებთან ერთად წყალში თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა, სანამ სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანდნენ. ქალი მადლობას უხდის ირაკლი მაქაცარიას, მაშველებსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს.
„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ხომ არ იკვლევს, რამ გამოიწვია წყლის დონის მოულოდნელად ადიდება.
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სააგენტო მდინარე ჭანისწყალზე ჰიდროლოგიურ დაკვირვებებს არ ახორციელებს – „აქედან გამომდინარე სააგენტო მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს“.
სააგენტო ამბობს, რომ სხვადასხვა არხების საშუალებით ავრცელებენ გაფრთხილებას ამინდის გაუარესებისა და მდინარეებზე წყალმოვარდნის შესახებ.
„მათ შორის ამინდის გაუარესებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ ახალ მობილურ პლატფორმაზე meteo.gov.ge“, – ამბობენ პრესსამსახურში.
ფოტო: გვანცა კობერიძე; ლაშა ბერულავა.