ახალი ამბები

ენმ-სა და “საქართველოსთვის” წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

3 დეკემბერი, 2021 • 827
ენმ-სა და “საქართველოსთვის” წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„უფლება არ გვქონდა, მუშაობა გაგვეგრძელებინა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რომელმა რეჟიმმაც ჩვენი კოლეგა, ნუგზარ ფუტკარაძე იმსხვერპლა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხები განიხილებოდა და დღევანდელი სხდომა არ იყო ორიენტირებული ადამიანების დახმარებაზე და მათი პრობლემების განხილვაზე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, — განმარტა ენმ-ის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, საკრებულოს მომავალ სხდომებში პარტია  მონაწილეობას ჩვეულებრივ მიიღებს.

პარტიის „საქართველოსთვის“ საკრებულოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მისი პარტიის წევრებმა სხდომა დატოვეს „ოცნების ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ“ პროტესტის გამოხატვის გამო.

„ჩვენ ვცადეთ ოცნებისთვის შეგვეთავაზებინა ღია, გამჭვირვალე ფორმატის მოლაპარაკებები, მაგრამ ორივე შემთხვევაში არანაირი გამოხმაურება არ მიგვიღია. ამიტომ, დღეს აბსოლუტურად ტყუილი დროის კარგვა იქნებოდა სხდომაზე დასწრება“, — განმარტა შარაშიძემ.

მისი თქმით, პარტიის წევრები მომავალ სხდომებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ და აპირებენ, რომ შექმნან ფრაქციები ყველა საკრებულოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი