სენაკის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში დღეს, 26 ნოემბერს, სხდომები უნდა გაიმართოს 2022 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად. სხდომები სამივე მუნიციპალიტეტში 14:00 საათზეა დანიშნული.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს.
ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლად არჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, ძველმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაჩქარებულად განიხილეს. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.
სენაკის, მარტვილის და ჩხოროწყუს ახალი საკრებულოები, ბათუმისა და ზუგდიდის მსგავსად, ოპოზიციურია. თუმცა ამ მუნიციაპლაიტეტების წინა მოწვევის საკრებულოებში, რომლებიც ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებენ, მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს.
ბათუმის ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და ეს ახსნეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით. ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე დააკავეს პროტესტის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.
რაც შეეხება ზუგდიდს, იქ გარეთ მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. სხდომიდან კი გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე. ადგილობრივი მედია „ათინათის“ ცნობით, სხდომა, სადაც ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების დასწრებით დაიწყო.
2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილების ვადა ახალი საკრებულოს შეკრებისთანავე უწყდება. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების მეორე ტურის შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამეს. შესაბამისად, ახალი საკრებულოები არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების თარიღზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს, თუმცა ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის ნაჩქარევად დამტკიცების მცდელობისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, ცესკოს ახალი საკრებულოების პირველი სხდომები ამ დრომდე არ მოუწვევია.
გადარჩეული საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ — რატომ?