ახალი ამბები

ჩხოროწყუს მერზე სავარაუდო თავდასხმისთვის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

4 მარტი, 2024 • 1039
ჩხოროწყუს მერზე სავარაუდო თავდასხმისთვის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

დააკავეს ჩხოროწყუს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი, ედემ კვარაცხელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მას გასულ კვირას ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან კონფლიქტი მოუვიდა. კონფლიქტის მიზეზად მისი სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 2 მარტს, კვარაცხელიამ მთავარ არხთან საუბრისას გამორიცხა გოგუასთან კონფლიქტი და თქვა, რომ მეგობრები და თანაგუნდელები არიან. კვარაცხელიამ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ “ყველაფერს სასამართლო დაამტკიცებს”.

კვარაცხელიას არ უსაუბრია არც სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე, თუმცა განაცხადა, რომ “გაურკვევლობა” დალაგდება და მერიაში აუცილებლად დაბრუნდება.

“რაღაცები მოხდა და მეც გავასაჩივრე [გათავისუფლება]. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე ჩემს სამსახურში. მე ბევრი საქმეები მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ ძალიან გემრიელად ყველაფერს. ის გაურკვევლობაც დალაგდება. ყველა მიხვდება თავის დანაშაულს”, – უთხრა კვარაცხელიამ მთავარ არხს დაკავებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი