ახალი ამბებირეკლამა

რა შემთხვევაშია განმეორებითი ტესტირება საჭირო – ყველაფერი კოვიდტესტებზე

20 ნოემბერი, 2021 • 7810
რა შემთხვევაშია განმეორებითი ტესტირება საჭირო – ყველაფერი კოვიდტესტებზე

მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ადრე თუ პატარა გაციებას, ან ცემინებას ყურადღებას არ ვაქცევდით, ახლა უბრალო სიმპტომის გამოვლენისთანავე კოვიდლაბორატორიისკენ მივიჩქარით და ტესტის გასაკეთებლად რიგში ვდგებით.

საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, კორონავირუსის დიაგნოსტიკა რამდენიმე სახეობის ტესტით ხდება, თუმცა ყველაზე აქტიურად სამი მათგანი გამოიყენება, ესენია: მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული PCR ტესტი, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი.

PCR ტესტის ჩასატარებლად, ძირითადად, ცხვირ-ხახიდან იღებენ ნაცხს და ლაბორატორიული კვლევას ატარებენ, ცრუ დადებითი შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ორგანიზმში ვირუსს ეძებს და მისთვის ცხვირ-ხახის ან ნახველის ნაცხია საჭირო. მისი პასუხების სიზუსტე მერყეობს 80-85%-ს შორის.

ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტები კი ვენური ან კაპილარული სისხლის ანალიზით კეთდება და ორგანიზმში ანტისხეულებს ეძებს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტესტიც ცდება.

როდის და რომელი ტესტი უნდა გავიკეთოთ ზუსტი პასუხის მისაღებად? რამდენად ხშირად ცდება ტესტი? რატომ არ დასტურდება ზოგჯერ ვირუსი, მისი არსებობის შემთხვევაში და როგორ უნდა მოვიქცეთ პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე – ამ კითხვებს პროფესორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი პასუხობს.

  • ბატონო ოთარ, როდის არის აუცილებელი კოვიდტესტის გაკეთება და რამდენად შესაძლებელია, რომ ტესტი შეცდეს?

სწრაფი ტესტის გაკეთება რეკომენდებულია და უფრო ეფექტური კოვიდის სიმპტომების მკვეთრად გამოხატული პაციენტებისთვის, ვიდრე მათთვის, ვინც უბრალოდ კონტაქტია და სურს დაადგინოს, არის თუ არა ინფიცირებული. სასურველია, ეს მოხდეს სიმპტომის გამოვლენიდან 24 საათში, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ზუსტი დიაგნოსტირება.

თუმცა შესაძლოა, სიმპტომების მიუხედავად, სწრაფი ტესტით ზუსტი პასუხი ვერ მივიღოთ და არ დადასტურდეს ინფექცია. ამ შემთხვევაში უკვე, ექიმის რეკომენდაციით, აუცილებლად 72 საათის განმავლობაში, ვიკეთებთ პისიარ ტესტს, რომელიც უფრო მეტი სიზუსტით აჩვენებს რეალურ შედეგს.

  • რა შემთხვევაში და რამდენად ხშირად ხდება ცდომილება?

გააჩნია ტესტების ხარისხს, ზოგადად, სწრაფი ტესტები საკმაოდ მგრძნობიარეა, თუმცა, როგორც სწრაფს იასე პისიარ ტესტს შესაძლოა, ჰქონდეს ცდომილება, ეს დამოკიდებულია ტესტების ხარისხზე, ნიმუშის აღებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტის ამღები პირის კვალიფიკაციაც, რამდენად სწორად იღებს მას, რადგან ძალიან ხშირია, არასწორად აღებული ტესტის შედეგად მიღებული არასწორი პასუხი. ასეთ შემთხვევაში ტესტების ცდომილება 10-დან 30 პროცენტამდე მერყეობს.

  • ბოლო პერიოდში, ადამიანები ხშირად თვითნებურად, სახლში იკეთებენ სწრაფ ტესტს, რამდენად სანდოა მისი პასუხი და საჭიროებს თუ არა გადამოწმებას?

როცა ჩვენ თვითნებურად ვიკეთებთ ტესტს, ანუ აფთიაქში ვყიდულობთ, ყველგან არის სხვადასხვა წარმოების და პირველ რიგში, აუცილებლად, გულდასმით ვკითხულობთ ინსტრუქციას, შემდეგ ვიტარებთ ტესტს. ეს არც ისე სანდოა, რადგან ამას აკეთებს გამოუცდელი პიროვნება, შესაბამისად, შესაძლოა ცდომილება. მნიშვნელოვანია ტესტის სწორად გამოყენება.

ტესტებს აქვს სითხე ე.წ. ბუფერი, რომელშიც უნდა მოთავსდეს საინკუბაციო სითხე, სადაც ეს აღებული მასალა თავსდება და ასევე, მნიშვნელოვანია ტესტის წაკითხვის ცოდნა, ზუსტად ის დრო დავაცადოთ, რაც რეკომენდებულია. ყველა ტესტს აქვს თავისი რეკომენდებული დრო. გამოცდილმა ადამიანმაც კი ზუსტად უნდა დაიცვას ეს ინსტრუქცია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომის ალბათობა.

  • ხშირად ყოფილა ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომი, 2-3 ჯერ იკეთებს სწრაფ ტესტს, შემდეგ პისიარს, თუმცა მაინც არ დასტურდება. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და როგორ ვიქცევით?

კოვიდის სიმპტომები – ტემპერატურა, ხველა, ყნოსვის დაკარგვა სპეციფიკური სიმპტომია და უფრო მკვეთრად მიანიშნებს, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე, შესაძლოა, ახასიათებდეს სხვა დაავადებებსაც. ამიტომ, როდესაც ეს სიმპტომები აღგვენიშნება, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ კოვიდია, 5-ჯერ რომ გაიკეთებ ტესტს და არ დაგიდასტურდება, დიდი ალბათობით, შესაძლოა, სხვა დაავადებასთან გვქონდეს საქმე.

თუმცა, გვაქვს იშვიათი შემთხვევებიც, როდესაც არის კოვიდი, მაგრამ არ დასტურდება, დავუშვათ თუ ის ფილტვებში ნაკლებად არის გავრცელებული, ამ შემთხვევაში კი რეკომენდებულია გამოვიყენოთ ანტისხეულების ტესტი. ყველაზე მთავარი, გარდა დიაგნოსტიკის, ამ შემთხვევაში არის ის, რომ დაავადება არ გავავრცელოთ, ამისთვის სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ან თუნდაც ვირუსიანთან კონტაქტის შემდეგ, დავიცვათ იზოლაციის წესი, აქტიურად გამოვიყენოთ პირბადე, ხშირად გავანიავოთ სივრცე, სადაც ვიმყოფებით და ვიყოთ ყველასგან იზოლირებულად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ინფექცია არ გავავრცელოთ.

  • რამდენად საჭირო სწრაფი ტესტით კოვიდის დადასტურების შემდეგ ხელახალი ტესტირება დადადებითობის შემთხვევაშიც თუ ცდება ტესტი?

იშვიათად, მაგრამ შესაძლოა, არსებობდეს რომ როგორც სწრაფი ტესტი, ასევე პისიარი შეცდეს. ეს ხდება შემდეგი ფაქტორებით: არასწორი ტესტირება, გამოუცდელი, არაკვალიფიციური სპეციალისტი, ნიმუშის შენახვის და ტრანსპორტირების წესის დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ სწრაფმა დაადასტურა, ხოლო პისიარმა არა, მე ვისურვებდი განმეორებით ტესტირებას, უფრო მეტი სანდოობისთვის.

კოვიდიტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი