ახალი ამბები

1 მარტიდან უნებართვო სარეკლამო SMS-ები შეწყდება

2 თებერვალი, 2024 • 8460
1 მარტიდან უნებართვო სარეკლამო SMS-ები შეწყდება

პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც გასული წლის ზაფხულში მიიღეს.

ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

ახალი კანონის ამოქმედების მოახლოებასთან ერთად კომპანიებმა თავიანთი მომხმარებლების გაფრთხილება დაიწყეს. მაგალითად, „მაგთიმ“ უკვე დააგზავნა შეტყობინებები, რომ კანონის თანახმად, ვალდებული არიან, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მომსახურების ხელშეკრულების პირობებში. კომპანიამ აბონენტებს აცნობა, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მათი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა ან უარი შეუძლიათ განაცხადონ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

გარდა იმისა, რომ სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი რამდენიმე მთავარ სიახლესაც ითვალისწინებს:

  • ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი (ცვლილება ამოქმედდება 1 ივნისიდან)
  • განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიომონიტორინგის)   წესი და პირობები
  • ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხორციელების წესი (ვიდეომონიტორინგი)
  • განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები
  • დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება
  • იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება

უფრო ვრცლად საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი