ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის სათადარგიო სივრცისთვის მილიონზე მეტის დახარჯვა იგეგმება

16 ნოემბერი, 2021 • 1004
ხელოვნების მუზეუმის სათადარგიო სივრცისთვის მილიონზე მეტის დახარჯვა იგეგმება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ექსპონატებისთვის სათადარიგო სივრცის მოწყობაში 1 058 700 ლარის დახარჯვა იგეგმება.

თუმცა დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ამ სათადარიგო სივრცის მისამართი. მისამართს ჩვენი კითხვების საპასუხოდ არ ასაჯაროებს არც კულტურის სამინისტრო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე კულტურის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მისი განხილვის ბოლო ვადა 18 ნოემბერია.

კულტურის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ რადგან მუზეუმის შენობა ავარიულია და ფუძე-გრუნტის გაწყლოვანება დღემდე მიმდინარეობს, შენობა ვერ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.

ამის გამო კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ ზაფხულში შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც თანამშრომლების, ასევე ექსპონატების ევაკუაციას.

„ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2021 წლის 5 აგვისტოს შეირჩა ახალი, დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისთვის, დაიწყო სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო პროექტის შედგენის მომსახურების შესყიდვის, სარემონტო სამუშაოების ბაზრის კვლევის პროცედურები.

ყოველივე აღნიშნულმა გარკვეული დრო მოითხოვა, რადგან პროცესის ნაჩქარევ წარმოებას, შესაძლოა, მომავალში სავალალო შედეგები გამოეწვია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საევაკუაციო გეგმის მიხედვით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფონდ-საცავების, დროებით სხვა სივრცეში გადატანის პროცესის დაწყება და ამის შემდგომ მუზეუმის შენობის აღდგენა“, – წერია შესყიდვასთან თანდართულ განკარგულებაში.

რაც შეეხება დაფინანსებას, ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია:

„გამარტივებული შესყიდვის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 058 700 (ერთი მილიონ ორმოცდათვრამეტი ათას შვიდასი) ლარს, ხოლო აღნიშნულისთვის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებები (პროგრამული კოდი 32 07 06 13 – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი), რისთვისაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეთხოვა, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ასიგნებების არაფინანსური მუხლის გაზრდა 1 058 700 ლარის ოდენობით“.

ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ ეს თანხა უნდა დაიხარჯოს შემდეგი მიმართულებით:

  • სამშენებლო სამუშაოები;
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოები;
  • კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაცია, დაცვითი სიგნალიზაცია და ვიდეოკონტროლი;
  • ვენტილაცია, გათბობა-გაგრილება, კონდიცირება;
  • შიგა წყალსადენ-კანალიზაცია;
  • ხანძარქრობის სისტემა;
  • სახანძრო სატუმბო სადგური და რეზერვუარი;
  • გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვი.

ნეტგაზეთი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა კულტურის სამინისტროსგან პასუხის მიღებას. ჩვენ გვაინტერესებდა, სად იმყოფებოდა ეს სათადარიგო ადგილი. ჩვენს ამ კითხვაზე არც უწყებამ და არც მუზეუმის ადმინისტრაციამ არ გვიპასუხა.

შესაძლოა, საუბარი იყოს მუზეუმის ახალ კორპუსზე, რომელიც გუდიაშვილის N1-ში (რესტავრაცია – კონსერვაციის ცენტრი) მდებარეობს. მასზე უკვე შედგა გამარტივებული შესყიდვა (SMP210002617) და, შესაბამისად, 57 000 ლარი უნდა დაიხარჯოს არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებებში.

შედარებით ვრცლად თანდართულ დოკუმენტაციაში წერია, რომ:

„საგულისხმოა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხების რესურსი. სახსრების მოძიება (მობილიზება) განხორციელდა მიმდინარე პერიოდში. საევაკუაციო გეგმის დამტკიცების შემდგომ დაიწყო ინტენსიური მუშაობა ევაკუაციისთვის საჭირო ინვენტარის მოძიებაზე, ექსპონატების განსათავსებლად საჭირო სტელაჟების რაოდენობის, სპეციფიკაციის განსაზღვრაზე, ახალ სივრცეში თანამშრომლებისა და ექსპონატების გადანაწილების გეგმის შედგენაზე“, – წერია განკარგულებაში, რომელიც გუდიაშვილის 1-ში მდებარე შენობას ეხება.

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი. შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი