ახალი ამბები

რატი ბრეგაძე უარყოფს, რომ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან

11 ნოემბერი, 2021 •
რატი ბრეგაძე უარყოფს, რომ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, კონტრარგუმენტად კი ასახელებს მათ შორის იმას, რომ საკანში ტელევიზორი და მაცივარი ჰქონდა.

დღეს იუსტიციის მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და მის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბრეგაძემ ამ ბრიფინგზე ოპონენტებს მიმართა და თქვა, რომ ისინი საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდიან, საუბრები არაადამიანურ მოპყრობაზე კი არასწორია. ამის საწინააღმდეგოდ რატი ბრეგაძე ამბობს:

„შემოსახლებიდან დღემდე, ეს იყო 1 ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან, ასევე, მას შემოსახლებისთანავე, 2 დღეში დაუმზადდა საბანკო ბარათი, მას აქვს ტელევიზორი და როდესაც ამოეწურა თანხა ბარათზე და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე მისი ეს თხოვნად შეასრულა.

ასევე ვიტყვი, რომ 24 საათის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი და იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე. სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანი იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე. და ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით“, – აცხადებს მინისტრი და ამბობს, რომ აღნიშნულ ჯგუფში შედის როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ასევე, სახალხო დამცველი.

მან ასევე უარყო ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი პატიმართა კორპუსთან გააჩერეს და საავადმყოფომდე „ათრიეს 30 მეტრი და ასე მიიყვანეს საავადმყოფოს კორპუსამდე“.

„თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში და ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენ თანამშრომლებს“, – ამბობს ბრეგაძე.

ბრეგაძის სიტყვებიდან მალევე თავად პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილი ციხის შესავლელამდე მართლაც მანქანით მიჰყავთ, თუმცა შემდგომ მას რამდენიმე ადამიანი მიათრევს.

მანამდე, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ღირსების შემლახავია.

სახალხო დამცველის აპარატი ამბობდა, რომ სააკაშვილის თქმითვე, ის მოატყუეს, თითქოს გლდანის ნაცვლად საქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ასევე, გლდანის ციხის პატიმრები სააკაშვილს აგინებდნენ, რაც ისმოდა იმ შენობაშიც, რომელშიც სააკაშვილია მოთავსებული. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ვიზიტისას გლდანის ციხეში პატიმრები შეურაცხმყოფლად სკანდირებდნენ მის სახელსაც.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

საბოლოო ჯამში, სააკაშვილს პატიმრობა 6 წლით მოუწევს.

სააკაშვილის წინააღმდეგ, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, კიდევ ორი საქმეა აღძრული.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.
ნახეთ ასევე:

ამ კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი მოატყუეს, გაიტაცეს და მასზე იძალადეს – ადვოკატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი