საზოგადოება

სააკაშვილის თქმით, ის მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ — ლომჯარია

9 ნოემბერი, 2021 • 2412
სააკაშვილის თქმით, ის მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ — ლომჯარია

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის მოატყუა, რადგან უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს. ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა, მისი პოზიციაც საზოგადოებას სწორედ მან გააცნო.

ლომჯარიას თქმით, მათი ინფორმაციით, არ არსებობს ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სააკაშვილი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ გლდანში გადაჰყავდათ. სააკაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის საკანში გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს სააკაშვილი საკუთარ ნივთებს.

პენიტენციურის განცხადებით, ვიდეო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – განმარტავს პენიტენციური.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გლდანში მისვლის შემდეგ სააკაშვილმა სასწრაფო დახმარების მანქანაში გამოთქვა პროტესტი და ის გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით შეასახლეს.


მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში მის გადაყვანაზე. სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე რეკომენდაცია არაერთხელ გასცა მასთან დაკავშირებით შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა. თავის მხრივ, სახალხო დამცველი ამ დრომდე ამბობს, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება არ შეესაბამება კონსილიუმის მოთხოვნებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი